ბითაძეს 5 წუთში 4 ქულა ჰქონდა | ორლანდო ატლანტასთან დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ 7-მატჩიანი წაუგებელი სერია „ატლანტა ჰოუქსთან“ შეწყდა. ფლორიდელებმა ბოლო 4 დღეში მესამე შეხვედრა ჩაატარეს და „ატლანტას“ წინააღმდეგ სტუმრად 112:124 დამარცხდნენ.
„ორლანდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ ბითაძეს სათამაშო დრო მაშინ მისცა, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 5 წუთი და 29 წამი გაატარა და ამ მცირე დროში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბითაძემ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა და სამივე მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა.
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესოები პაოლო ბანკერო და დესმონდ ბეინი იყვნენ, რომლებმაც 18-18 ქულა დააგროვეს. უენდელ კარტერ ჯუნიორმა 17 ქულა მიითვალა. „ატლანტას“ მხრიდან 41 ქულით ნიკელ ალექსანდერ-უოკერი გამოირჩა. ჯეილენ ჯონსონმა სამმაგი დუბლი გაიფორმა — 24 ქულა, 15 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 38 მოგება და 29 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 18 მარტს „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ გამართავს.