„მას მხოლოდ ბეისბოლის ჯოხით თუ სცემდი“ - კორმიე ხაბიბის მენტალიტეტზე
UFC-ის ყოფილი მებრძოლებიდან შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა სხვადასხვა საკითხების თაობაზე ყველაზე ხშირად დენიელ კორმიეს მოსაზრების შესახებ იციან, რადგან გარდა იმისა, რომ მას ამ ორგანიზაციის თითქმის ყველა ღონისძიებაზე ხედავენ, კორმიეს საკუთარი პოდკასტიც აქვს, სადაც უამრავ საინტერესო საკითხზე საუბრობს. ამჯერად მას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სოციალური ქსელის საშუალებით კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ლეგენდარულ დაპირისპირებაზე დაუსვა შეკითხვა და ასეთი პასუხი მიიღო:
„კონორ მაკგრეგორი საუკეთესო მოკრივე რომც ყოფილიყო, ხაბიბ ნურმაგომედოვს მაინც ვერ დაამარცხებდა, რადგან დაღესტნელის სტილისთვის ალღოს აღება მისთვის ზედმეტად რთული გამოდგა. ნურმაგომედოვს ისეთი მენტალიტეტი ჰქონდა, როგორიც არც ერთი სპორტსმენის შემთხვევაში არ მინახავს.
ზოგიერთი მებრძოლი ვიცი, რომ მასში ეჭვი გეპარება და ფიქრობ, ნეტავ დღესაც გაიმარჯვებს, თუ ვერა. ხაბიბის შემთხვევაში კი ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან ოქტაგონში შესვლისთანავე მან ზუსტად იცოდა, რომელი მოწინააღმდეგის დასამარცხებლად რა დოზის ენერგიის დახარჯვა იყო საჭირო. რა შემთხვევაში დაამარცხებდი ნურმაგომედოვს? თუ ოქტაგონში ბეისბოლის ჯოხს შეიტანდი და იმით სცემდი“.
სხვათა შორის, დენიელ კორმიეს ამ მოსაზრებამ ბევრს ღიმილი მოჰგვარა და ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რადგან გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ ეს უკანასკნელი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის ახლო მეგობარია, რის გამოც მათი შეფასების დროს სუბიექტურობაში ადანაშაულებენ.