„ტრავმას იმიზეზებს, მისი არ მჯერა“ - გარიმ მახაჩევი გამოიწვია
ისლამ მახაჩევი ტრავმის მომიზეზებაში ილია თოფურიას შემდეგ კიდევ ერთმა მებრძოლმა დაადანაშაულა. საუბარია იან გარი მაჩადოზე, რომელიც UFC-ის ქვესაშუალო წონაში საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნას დიდი ხანია ითხოვს და დაღესტნელთან დასაპირისპირებლად ემზადება, თუმცა ჯერჯერობით მათი ბრძოლის ორგანიზება არ ხერხდება, რაზეც ირლანდიელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მახაჩევს ხელის ტრავმა აქვს? არ მჯერა. ალბათ მადალენასთან ბრძოლის დროს სიარულისას იღრძო. მერწმუნეთ, მისი მხრიდან ეს წმინდა წყლის თავის გამართლებაა. ყველა იმაზე საუბრობს, რომ მახაჩევს ჩემთან ჩხუბი არ სურს. მისი ქმედებები ჩემპიონებისთვის დამახასიათებელი ტიპიური ქცევაა“.
შეგახსენებთ, რომ იან მაჩადო გარი ოქტაგონში ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე შევიდა და ბელალ მუჰამადი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. რამდენიმე კვირის წინ კი ირლანდიელი გორში იყო ჩამოსული, რათა ისლამის დასამარცხებლად საჭიდაო და გრეპლინგის უნარები გაეუმჯობესებინა.