„ასე ხდება ხოლმე, ნურავის უსმენთ“ | დოლიძის კომენტარი ერნანდესთან ბრძოლის შემდეგ
რომან დოლიძემ ენტონი ერნანდესთან გამართული ჩხუბის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „კავკასიელმა“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.,
„გამარჯობა, მეგობრებო! მცირე ზიანი მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. MMA ასეთი სპორტია და ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ჩემ გვერდით ხართ. მადლობა მწვრთნელებს, Xtreme Couture-ისა და UFC Pi-ის პერსონალს და ყველას, ვინც მხარს მიჭერდით.
ნურავის უსმენთ! ამ ბრძოლამდე ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს ეს უბრალოდ ბრძოლაა. ძალა ერთობაშია. მალე შევხვდებით საქართველოში!“
შეგახსენებთ, რომ დოლიძისა და ერნანდესის ორთაბრძოლა გასულ უქმეებზე გამართული ღონისძიების მთავარი მოვლენა იყო. „კავკასიელი“ მეოთხე რაუნდში დამარცხდა და „ფლაფის“ მახრჩობელა ილეთის შემდეგ დანებება მოუწია. ამ წაგებამდე, დოლიძეს ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა და ენტონი სმიტს, კევინ ჰოლანდსა და მარვინ ვეტორის აჯობა.