ლომინაძის პორტუგალიური დებიუტი - ქართველი ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალეს
პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ნოდარ ლომინაძის დებიუტი შედგა. პრიმეირა ლიგის I ტურში „ეშტორილმა“ „ესტრელა ამადორას“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, იან კეტრომ 23 წლის ქართველ ნახევარმცველს ნდობა გამოუცხადა და ძირითად შემადგენლობაში დააყენა, თუმცა იმის გამო, რომ ნოდარმა 25-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, როგორც ჩანს, „ეშტორილის“ დამრიგებელმა აღარ გარისკა და შესვენებაზე შეცვალა.
ლომინაძემ 45 წუთში ათბალიანი სისტემით 6.3 მეათედი შეფასება მიიღო, ბურთს 41-ჯერ შეეხო და პასები 85-პროცენტიანი (33-დან 28 ზუსტი გადაცემა) სიზუსტით გაანაწილა. ცხრა ორთაბრძოლიდან სამი მოიგო, დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, ორჯერ დაჯარიმდა და ბურთი რვაჯერ დაკარგა.
მომდევნო ტურში „ეშტორილი“ სტუმრად „გიმარაეშს“ შეხვდება და მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.