ქართველი მებრძოლების მედლები - შიო გენჯაძე მსოფლიოს ჩემპიონია
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია, რაც უდავოდ ხელშესახები შედეგია.
ყველაზე კარგად შიო გენჯაძემ იასპარეზა, რომელმაც 44 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ხუთივე ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და მსოფლიოს ჩემპიონი მას შემდეგ გახდა, როდესაც ფინალში იტალიელ მატეო ფაბრის აჯობა. ოქროს მედლამდე მცირედი დააკლდა შაკო მესხსა და გიორგი კახიძეს, რომლებიც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში მესხი ინგლისელ პადი ორაჰილთან, ხოლო კახიძე ტაჯიკ მუჰამადჟონ პიროვთან დამარცხდა.
მესამე საპრიზო ადგილი საქართველოს სამმა წარმომადგენელმა დაიკავა. ბრინჯაოს მედლები ნინი ცქვიტარიამ (56 კგ), რევაზ მჭედლიშვილმა (57 კგ) და გოჩა ქვრივიშვილმა (-83,9 კგ) მოიგეს.