დომინანტი ძალა და გუნდის მამოძრავებელი - FIBA-ს კომპლიმენტები სვანს და საბადაშვილს
ანდორაში გამართული ევრობასკეტის C დივიზიონი საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ნუგზარ ჭეიშვილის მომზადებულმა გუნდმა ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალში კი სომხეთის ასაკობრივი ნაკრები 63:60 დაამარცხა. ბუნებრივია, ტურნირის დასრულების შემდეგ, ლაურეატები გამოავლინეს და ყურადღების ცენტრში სალომე სვანი და ნიცა საბადაშვილი მოხვდნენ. ორივე მათგანი C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს, ხოლო სვანი საერთოდ შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების ლიდერები ასე დაახასიათეს:
„სალომე სვანი ანდორასთან მატჩში თავდამსხმაში შეუჩერებელი, დომინანტური ძალა იყო, მთლიანად ტურნირზე კი საშუალოდ 27,3 ქულას აგროვებდა და თამაშიდან 52,3-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. სომხეთთან ფინალში ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა და 26 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 4 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. მეოთხე მეოთხედში კი, როდესაც მის გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა, ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და შედეგიც სახეზეა.
საქართველოს ნაკრების მამოძრავებელი ძალა გახლდათ ნიცა საბადაშვილი, რომელიც საშუალოდ 26,8 ქულას, 11,3 მოხსნასა და 2,8 პასს აგროვებდა. მისი საშემსრულებლო ოსტატობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გიბრალტართან (131:35) მოგებულ შეხვედრაში, სადაც 56 ქულა დააგროვა. შესრულებული ორმაგი დუბლით (13 ქულა, 13 მოხსნა) გადამწყვეტი როლი ითამაშა სომხებთან ფინალში და რომ არა რიგ ეპიზოდებში მისი ჭკვიანური ასპარეზობა, საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა ძალიან გაუჭირდებოდა“.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს 18-წლამდე გოგონა კალათბურთელთა ნაკრებმა, რომელიც 2026 წელს უკვე B დივიზიონში იასპარეზებს, მედლები და თასი ფიბა-ევროპის ესპანელი პრეზიდენტისგან, ხორხე გარბახოსასგან მიიღო.