„მძიმე დარტყმა მიიღო“ - ერნანდესმა კვარაზე და ტრავმირებულებზე ისაუბრა
პსჟ-ის ფეხბურთელმა, ლუკა ერნანდესმა „ლანსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ Bein Sports-თან განვლილი მატჩი შეაფასა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც.
რა თქვა ერნანდესმა:
„ვიცოდით, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნება რთული იქნებოდა. შესვენების შემდეგ არასდროს არის მარტივი თამაში ისე გააგრძელო, როგორც თამაშობდი. გრძელი და რთული კვირა გველოდება და ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს და კარგ განწყობაზე დაგვაყენებს. სამწუხაროდ, რამდენიმე ტრავმა მივიღეთ. კვარაცხელიამ ფეხში ძლიერი დარტყმა მიიღო და თამაშის გაგრძელება აღარ შეეძლო. ამის შემდეგ კან-ინ ლიც გამოგვაკლდა, მაგრამ ვფიქრობ სერიოზული დაზიანება არ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ბერალდოს ტრავმა ყველაზე სერიოზულია. ჯერ არ ვიცი, რა დაემართა, მაგრამ მარტივი არ უნდა ჩანდეს, რადგან ძლიერ ტანჯვას განიცდიდა. ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, რადგან წინ დამღლელი და გრძელი სეზონი გველოდება.“
ხვიჩა კვარაცხელიამ „ლანსთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მე-4 წუთზე, მის წინააღმდეგ ოდსონ ედუარმა იუხეშა. ხვიჩას მაშინვე სამედიცინო პერსონალის ჩარევა დასჭირდა, რის შემდეგაც მოედანზე დაბრუნდა და კიდევ 25 წუთი ითამაშა, თუმცა, 30-ე წუთზე შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით, უცნობია.
ხვიჩას ტრავმის ეპიზოდი:
4 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ში უდანაკარგოდაა და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს.