ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„გამოკვლევებს უნდა დაველოდოთ“ - რა თქვა ენრიკემ კვარას ტრავმაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

პარიზული გუნდისთვის ეს მატჩი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო 3 ფეხბურთელი გამოაკლდა. დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა დაზიანების გამო უსმან დემბელეს და დეზირე დუეს არ უთამაშიათ, დღეს კი ტრავმების გამო მოედნის ნაადრევად დატოვება ბერალდოს, ლის და, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელიასაც მოუწიათ. მათ შორის ყველაზე მძიმე ბერალდოს დაზიანებაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „პსჟ-ის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა და ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ:

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ ეს განსაკუთრებული მატჩი იყო და მნიშვნელოვანია, რომ გავიმარჯვეთ. ამ მოგებას კიმპემბეს ვუძღვნით. ის წარმოუდგენელი მოთამაშე იყო, გუნდისთვის განსაკუთრებული ფიგურა. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. რთული მატჩი იყო, რადგან ტრავმების გამო ცვლილებების გაკეთება მოგვიწია და ეს ყოველთვის მძიმეა. მოედანზე მოკლე დროში მოგვიწია ამ ტრავმებთან ადაპტირება.“

„როგორია კვარას, ლის და ბერალდოს დაზიანება? ჯერ არ ვიცი, სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული ტესტების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.“

„ბუნებრივია, ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველასთვის საყვარელი შეჯიბრი, ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება. ჩვენთვის ცოტა რთული პერიოდია, რადგან რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. ვიცით, ასეთ მომენტებში როგორ უნდა მოვიქცეთ, გუნდურობა გამოვიჩინოთ და ამ რთულ პერიოდს ერთად უნდა ვუპასუხოთ. მშვიდად ვარ და იმედი მაქვს, რომ ამას გადავლახავთ. ახლა კი სიტუაციასთან შეგუებაა საჭირო. ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია და გარკვეულწილად, ტეტრისიც უნდა ვითამაშოთ, რათა მოთამაშეებს სათამაშო დრო სათანადოდ გადავუნაწილოთ. გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს გულშემატკივრებს კვლავ სიხარული მოვუტანოთ. იმედი მაქვს, ოთხშაბათს ჩვენთვის კარგი საღამო იქნება.“

„რატომ გავატარე პირველი ტაიმი ტრიბუნაზე? პერსონალთან ერთად დიდი ხანი ვფიქრობდი ჩვენი თამაშის გაუმჯობესებაზე. რაგბის მწვრთნელები თამაშებს სხვა რაკურსით უყურებენ, რაც, მგონია, რომ ტაქტიკურად ბევრ რამეს ხდის აშკარას. პირველი ტაიმი ტრიბუნიდან ვნახე და ის შესანიშნავი იყო, განსხვავებული, რადგან ყველაფრის კონტროლი შემეძლო და ეს საინტერესო ვარიანტია, რომლის გამოყენებაც მომავალში შემიძლია. ასისტენტებთან შეგიძლიათ იდეალური საუბარი გქონდეთ, რადგან ხედავთ, ვინ იყო მოედანზე კარგი და ვინ არა. ეს უამრავ ინფორმაციას მაძლევს და ვფიქრობ, რომ მხოლოდ დადებითია. მეორე ტაიმს კი „ნორმალურად“ ვუყურე.“

4 ტურის შემდეგ „პსჟ“ ლიგა 1-ში უდანაკარგოდაა და სატურნირო ცხრილში 12 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 სექტემბერს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს. მანამდე კი, 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მძიმე დარტყმა მიიღო“ - ერნანდესმა კვარაზე და ტრავმირებულებზე ისაუბრა
„მძიმე დარტყმა მიიღო“ - ერნანდესმა კვარაზე და ტრავმირებულებზე ისაუბრა