“ვეცდებით ადაპტაცია მალე გაიარონ“ - მარსელინო ახალ ფეხბურთელებზე
ლა ლიგის მორიგ ტურში ვილიარეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. როხიბლანკომ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არ იყო.
ყვითელი წყალქვეშა ნავის რიგებში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა. მატჩის დასრულების შემდეგ, სტუმართა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო გარსია ტორალმა კომენტარი გააკეთა.
მარსელინო:
„პირველ გაშვებულ გოლს ჩვენზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იყო, მაგრამ რეაბილიტაცია მალე მოვახდინეთ. პირველ ტაიმში გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, მეორე გოლი მაშინ გავუშვით, როდესაც საუკეთესოდ ვთამაშობდით. არის რაღაცები, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ატლეტიკოს გამარჯვებას ვულოცავ.
რომ ვიცოდე როდის იქნებოდნენ ახალი მოთამაშეები სრულად ინტეგრირებულნი მკითხავი ვიქნებოდი. ვეცდებით, რომ ძალიან მალე ვიპოვოთ ეს ავტომატური ადაპტაცია. თამაში ყოველ 3 დღეში გვაქვს და ეს ვარჯიშში ხელს გვიშლის, თუმცა ეს საბაბი ნამდვილად არ არის. სამწვრთნელო შტაბი ეცდება, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაცია სწრაფად გაიარონ.“
შეგახსენებთ, რომ ანგარიში მე-9 წუთზე ბარიოსმა გახსნა და მადრიდულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. მეორე ნახევარი როხიბლანკომ უფრო აქტიურად დაიწყო და 52-ე წუთზე ნიკო გონსალესმა ყვითელი წყალქვეშა ნავის კარი აიღო.
რაც შეეხება ჟორჟს, ის მინდორზე 79-ე წუთამდე დარჩა და შემდეგ მარსელინომ შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ვილიარეალს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში მიქაუტაძის გუნდი ოსასუნას უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფაზაზე ტოტენჰემს ესტუმრება.