დილა, იბერია 1999
Aa
Aa

იბერიას სენსაციური მარცხი - დილამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა

Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XXIV ტური დღეს ორი შეხვედრით დასრულდა და ორივეში მოვლენები უზომოდ საინტერესოდ განვითარდა. გათამაშების ლიდერმა „იბერიამ“ საკუთარ სტადიონზე „კოლხეთს“ უმასპინძლა და ფოთელებთან სენსაციურად, 0:2 დამარცხდა. ანგარიში 62-ე წუთზე ნიკოლას კაპანაძემ გახსნა, რომელმაც სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა. საბოლოო ანგარიში კი კურიოზულ ვითარებაში დაფიქსირდა - „იბერიას“ კაპიტნის გიზი მამაგეიშვილისა და მეკარის გიორგი მაკარიძის შეუთანხმებელი ქმედებით დავით ფაღავამ ისარგებლა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

მოქმედი ჩემპიონის წაგებით „დილამ“ კარგად ისარგებლა, საკუთარ სტადიონზე „დინამო ბათუმს“ 2:0 მოუგო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ბათუმელები უკვე მე-13 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მოლდოველმა ფორვარდმა დმიტრი მანდრიჩენკომ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო. 66-ე წუთზე არბიტრმა სტუმართა კიდევ ერთი მოთამაშე გააძევა, თანაც ისეთი მიზეზით, რომ მსგავსი შემთხვევა სტაჟიან გულშემატკივარსაც კი იშვიათად ემახსოვრება - ახალგაზრდა ლევან ხოზრევანიძე, რომელსაც ტრავმის გამო მოედანი დროებით ჰქონდა დატოვებული, მინდორზე მსაჯის დაუკითხავად დაბრუნდა, რის გამოც მეორე ყვითელი ბარათით დაისაჯა. დარჩენილ დროში კი მიღებული უპირატესობა გორელებმა ორ გოლში ასახეს. თავდაპირველად არუნა უატარას მონადირებული პენალტი ზუსტად ანდრონიკაშვილმა შეასრულა, ხოლო ბოლო წუთზე ისრაელელმა აბდალაჰ ხალაიჰალმა „დილას“ რიგებში სადებიუტო ბურთი პირველივე მატჩში გაიტანა.

24 ტურის შემდეგ დაგროვებული 53 ქულით „დილა“ პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „იბერიას“ ქულით უსწრებს. მომდევნო, XXV ტურის მატჩები 19-20 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე
“საყვარელი გუნდის გამო თავი გავწირე“ - მიქაუტაძე ლიონის დატოვებაზე