კიტეიშვილის შეცვლა თითქმის შეუძლებელია | შტურმს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება
უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გრაცის „შტურმის“ მეტოქე „ფენერბახჩეა“. ავსტრიის ჩემპიონს სტამბოლში ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ გაჰყვა.
ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო ინგოლიჩმა აღნიშნა, რომ კიტეიშვილის შემთხვევაში რისკზე წასვლა და პროცესის დაჩქარება არ სურთ. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია და ეს დანაკლისი მთელმა გუნდმა ერთობლივად უნდა აანაზღაუროს.
კიტეიშვილის ქართველი თანაგუნდელი, გიზი მამაგეიშვილი გუნდს თურქეთში გაჰყვა და, დიდი ალბათობით, თამაშში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „შტურმმა“ შოტლანდიური „ჰართსი“ ორი მატჩის ჯამში 6:0 გაანადგურა. პირველ მატჩში, როცა „შტურმმა“ 4 გოლი გაიტანა, კიტეიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და საგოლე პასიც მიითვალა, თუმცა, წვივის ტრავმის გამო, ის გუნდს ბოლო მატჩებში ვეღარ ეხმარება. „ჰართსთან“ საპასუხო მატჩის გარდა, მან ავსტრიის ბუნდესლიგისა და თასის თითო შეხვედრაც გამოტოვა.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ფენერბახჩესა“ და „შტურმს“ შორის ხვალ, 5 აგვისტოს, 22:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 11 აგვისტოს გრაცში შედგება.