რობაქიძის შედევრი და სიმბოლური გუნდი | ქართველის აღიარება უკრაინაში
უკრაინის პრემიერლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში ჩერნომორეცი გიორგი რობაქიძის ბრწყინვალე გოლით პოლისიას ამარცხებდა, თუმცა შემდეგ რუსლან როტანის გუნდმა თამაში შემოატრიალა და 1:2 მოიგო.
უკრაინაში ავტორიტეტულმა გამოცემამ, Football.ua-მ რობაქიძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აღნიშნული ვებგვერდის სტატიის სათაურში რობაქიძის გოლი შედევრად მოიხსენიეს, სტატიაში კი ვკითხულობთ: „ჩერნომორეცის“ ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა „პოლისიას“ წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა. რობაქიძემ გაიტანა გოლი, რომელიც თავადვე შექმნა. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა, მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და ახლო კუთხეში ძლიერად დაარტყა, რაც ბუშჩანისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა''.
მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა 21 წლის ქართველი ფეხბურთელი 90 წუთი ათამაშა. სავარაუდოდ, ასეთი თამაშის შემდეგ რობაქიძე ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებს. 8 აგვისტოს, მომდევნო ტურში, „ჩერნომორეცი“ „კოლოსს“ დაუპირისპირდება.
ამპლუით ნახევარმცველი რობაქიძე, რომელიც ივნისში რამაზ სვანაძემ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ათამაშა, უკრაინულ კლუბს 2025 წლის ზამთარში შეუერთდა, აღნიშნულ სეზონში გუნდი ელიტარული ლიგიდან გავარდა, თუმცა ქართველი ნახევარმცველი ჩერნომორეცში დარჩა, გუნდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა და ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო.