მეცის პირველი ქულა - წიტაიშვილი აბუაშვილმა შეცვალა
„მეცმა“ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში პირველი ქულა IV ტურში აიღო. ელზასელებმა საკუთარ სტადიონზე „ანჟერს“ უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ამარცხებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლები მე-14 წუთზე ჟან-ფილიპ გბამინიმ დააწინაურა, რასაც სტუმართა შორის ზუსტი 11-მეტრიანით 90-ე წუთზე ჰიმად აბდელიმ უპასუხა.
გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ძალიან ინერტული გახლდათ და ყურადღების ცენტრში მხოლოდ 64-ე წუთზე აღმოჩნდა, როდესაც ჰაბიბ დიალოს დარტყმული პენალტი „ანჟერის“ მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ქართველ შემტევს სტუმართა მცველმა დაასწრო.
წიტაიშვილი 72-ე წუთზე მისმა თანამემამულემ გიორგი აბუაშვილმა შეცვალა, რომელმაც შეტევის გამწვავება მხოლოდ ერთხელ სცადა, თუმცა მცველის მოტყუება ვერ შეძლო, სხვა შემთხვევაში კი განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია.
ოთხ ტურში დაგროვებული 1 ქულით „მეცი“ სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზეა. მომდევნო ტურში ეს გუნდი სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება და შეხვედრა 21 სექტემბერს, თბილისის დროით, 19:15 წუთზე დაიწყება.