„ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება“ - ბედოშვილი მწვრთნელმა დასაჯა
ვახტანგ ბედოშვილის დებიუტი „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ შემადგენლობაში გასულ შაბათს „ორენბურგთან“ (3:1) მოგებულ შეხვედრაში შედგა, თუმცა მოვლენები უცნაურად განვითარდა. 21 წლის ქართველი შემტევი ცვლილებაზე 67-ე წუთზე შევიდა და 90-ე წუთზე, მთავარმა მწვრთნელმა ის მოედნიდან გაიყვანა. ბედოშვილის ნაცვლად შესული იაროსლავ კრაშევსკი შესვლიდან ოთხ წუთში გააძევეს, რის გამოც ბუნებრივია გაჩნდა შეკითხვა, თუ რატომ იქნა შეცვლილი ისედაც ცვლილებაზე შესული ქართველი ლეგიონერი, რაზეც ჟურნალისტებმა „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ ბელარუსი დამრიგებლისგან, ალექსეი შპილევსკისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„ბედოშვილმა როგორც საკონტროლო შეხვედრებში, ასევე საწვრთნელ პროცესში თავი კარგად წარმოაჩინა, რის გამოც თავის გამოჩენის შანსი მივეცი. თამაშის წინ, აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელს მოვასმენინე ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი, სადაც ის საუბრობდა, რომ ნებისმიერი გარემარბი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე დაცვის დასახმარებლად უკან უნდა ჩადიოდეს. ბედოშვილმა კი ეს ყველაფერი კარგად ვერ გაითავისა, მისი მოედნიდან გაყვანა ჩემი პირადი ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ მაშინ, როდესაც რუსეთში გადაბარგების გამო ვახტანგ ბედოშვილს ყველა აკრიტიკებდა, მან აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიდან გამომდინარე მიიღო, რომელმაც საფეხბურთო კარიერაში პირველი სერიოზული ნაბიჯები ამ ქვეყანაში გადადგა.