„მოკეტე“ | ცნობილი მოკრივე თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
კლარესა შილდსი ცნობილი ამერიკელი მოკრივეა, რომელიც 2012 და 2016 წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. შილდსი კარიერაში არც ერთხელ დამარცხებულა და WBA-ის, WBC-ის, IBF-ის WBO-სა და WBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელია. მას MMA-შიც უჩხუბია და სამიდან ორ დაპირისპირებაში იმარჯვა.
კანელო ალვარესისა და ტერენს კროუფორდის ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, რომელიც კროუფორდმა მოიგო, შილდსი ილია თოფურიას სიტყვებს გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ჯერ მთვრალი მიწოდა... შემდეგ კი ჩემს სიმღერაზე გამოვიდა. კროუფორდ, როცა გინდა გასწავლი, როგორ უნდა იცეკვო მარიაჩი რინგზე. და კანელო, ერთ რაუნდს შენთვის შევინახავ.“
შილდსმა ილიას სოციალურ ქსელში უპასუხა და განაცხადა: „მოკეტე, შენც მაგრად გცემდა“.
როგორც მოგეხსენებათ, კროუფორდმა კანელო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საოცარი გამოსვლა აჩვენა. ჩხუბის შემდეგ საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი. „ბადი“ საკუთარ გამარჯვებაში ისე იყო დარწმუნებული, რომ თავისი გუნდის წევრებისთვის საათები შეუკვეთა, რომლებზეც 42:0-ზე იყო ამოტიფრული. კროუფორდმა 42-ე გამარჯვება იზეიმა და საკუთარი გუნდის წევრებიც გაახარა.