„ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა“ - ოლივეირამ ნოკაუტი გაიხსენა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ Ag. Fight-თან ინტერვიუში ილია თოფურიასთან წაგებულ ჩხუბზე ისაუბრა.
რა თქვა ოლივეირამ:
„ილია ყველაზე ძლიერი სტრაიკერია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის ყველაზე ძლიერად მირტყამდა. ამის უარყოფა შეუძლებელია. მიჩხუბია ისეთ ძლიერ სტრაიკერებთან, როგორებიც არიან ჯასტინ გეიჯი, დასტინ პორიე და მაიკლ ჩენდლერი, მაგრამ ნოკდაუნის იქით საქმე არ წასულა - ნოკაუტში არასოდეს ვყოფილვარ. ილიამ დამანოკაუტა, ეს ჩემთვის სიახლე იყო. ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა“.
„დუ ბრონქსმა“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„მინდა, ნოემბერში ან დეკემბერში ისევ ვიჩხუბო. მომავალ წლამდე ლოდინი არ მსურს. არ ვიცი, ვინ იქნება მეტოქე, მაგრამ სასურველია, ნოემბერში ისევ ოქტაგონზე ვიყო. დიდი ხანია, ჰოლოუეისთან ჩხუბს ვითხოვ. ის პორიესთან ივლისში ჩხუბობს, მე ივნისში ვიჩხუბე - ვფიქრობ, ნოემბერში ჩვენი ბრძოლის ჩანიშვნა სავსებით შესაძლებელია“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ოლივეირა ილია თოფურიასთან პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დამარცხდა.