ბურჯანაძე: „ლეიმა დავტოვე, თუმცა ესპანეთში ვრჩები“
ბექა ბურჯანაძისთვის გასული სეზონი ინდივიდუალური თვალსაზრისით კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ, თუმცა „ლეიმას“ ქართველ კალათბურთელს თანაგუნდელებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს, გალისიურმა კლუბმა ლიგა ენდესაში სადებიუტო წელსვე ბოლო ადგილი დაიკავა და ისევ ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მისი გუნდის ელიტიდან გავარდნის შემდეგ, ბუნებრივია, საინტერესო გახლდათ როგორია ბურჯანაძის სამომავლო გეგმები და ამის თაობაზე ბექამ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა
ბექა ბურჯანაძე
„ლეიმა“ კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას მთავაზობდა და წასვლა გადავწყვიტე, თუმცა ესპანეთში აუცილებლად დავრჩები. ჩემი მიზანი ლიგა ენდესაში ასპარეზობაა, არსებობს ხუთი-ექვსი კლუბის ვარიანტი და ვფიქრობ, ყველაფერი მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა გადაწყდეს.
რაც შეეხება გასულ სეზონს, გუნდისთვის ძალიან მძიმე იყო და ვერ ვიტყოდი, რომ ჩემთვისაც იდეალური გახლდათ - სეზონის დასაწყისი მქონდა კარგი და ბოლო 10 მატჩი, შუალედში კი ვერ ვითამაშე ისე როგორც შემეძლო, რაც თავისი ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული.
ევრობასკეტის ჯგუფებს რომ გადახედოთ, ალბათ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ყველაზე რთულ ჯგუფში საქართველოს ნაკრები მოხვდა. საბერძნეთს, ესპანეთსა და იტალიას რომ თავი დავანებოთ, საშუალო დონის გუნდებიდანაც კი ბოსნიის სახით ყველაზე რთული ოპონენტი შეგვხვდა. თუმცა, საქართველოს ნაკრებში უამრავი ძლიერი კალათბურთელია და კონკურენტუნარიანი შემადგენლობის ფონზე, უნდა დავამტკიცოთ, რომ უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბებაც შეგვიძლია.
ცნობისათვის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიმასოლში ითამაშებს და ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდის მეტოქე მასპინძელი კვიპროსი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და ბოსნია იქნება. მომდევნო ეტაპზე კი ექვსიდან ოთხი საუკეთესო გავა.