„დუ პლესისთან ჩხუბს ჩიმაევთან ჩხუბი მირჩევნია“ - დოლიძე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, რომან დოლიძემ Home of Fight-თან ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
რა თქვა „კავკასიელმა“:
„ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერი სოციალურ ქსელებზეა დამოკიდებული. ხამზატ ჩიმაევი დრიკუს დუ პლესიზე უფრო ცნობილია, მას უფრო მეტი გამომწერი ჰყავს, ხალხს მისი ჩხუბები აინტერესებს. როდესაც უცნობ და უინტერესო მებრძოლს მოუგებ, ეს არავის ადარდებს, როგორი ძლიერი მეტოქეც არ უნდა იყოს ის.
ჩემი აზრით, ჩიმაევი დუ პლესიზე უფრო დიდი ვარსკვლავია, და ამიტომ ვამბობ, რომ მასთან ჩხუბი მირჩევნია. თუმცა დუ პლესი ასევე ძალიან რთული მეტოქეა - ყველასთვის, მათ შორის ჩიმაევისთვისაც. თუ ხამზატმა პირველ რაუნდში ვერ გაიმარჯვა, რაც მას ნამდვილად შეუძლია, გვიან რაუნდებში მას პრობლემები შეიძლება შეექმნას“.
რომან დოლიძისა და ენტონი ერნანდესის ბრძოლა 11 აგვისტოს, საქართველოს დროით 06:00 საათიდან გაიმართება. MMA-ში რომან დოლიძის რეკორდი 15 გამარჯვება და 3 მარცხია, ენტონი ერნანდესმა კი 16 ბრძოლიდან 14 მოიგო და 2-ში დამარცხდა. UFC-ის საშუალო წონაში ერნანდესი მე-9 ადგილზე იმყოფება, რომან დოლიძე კი მე-8 პოზიციაზეა.