სოსო მათიაშვილი
Aa
Aa

„ამ თაობით შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება“ - მათიაშვილი ბორჯღალოსნებზე

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორ წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი და საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელ რიჩარდ ქოქრილთან ორწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამშრომლობა შეწყვიტეს. ინგლისელი სპეციალისტის შემცვლელად სამი კანდიდატი, პიერ-ანრი ბრონკანი, ფრანკ აზემა და უორენ გეთლენდი სახელდება, თუმცა როგორც კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ განაცხადა, ისინი აჩქარებას არ აპირებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შემდეგ მიიღებენ.

რამდენად მიზანშეწონილი იყო მსოფლიოს თასამდე ორი წლით ადრე მთავარი მწვრთნელის ცვლილება? ვეტერანმა ბორჯღალოსანმა სოსო მათიაშვილმა, რომელიც ამჟამად დიდი 10-ის კლუბ „წიქარაში“ თამაშობს და ამავდროულად საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრების კაპიტანია, Crystalsport-თან ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო და შემდეგ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც საინტერესო კომენტარი გააკეთა.

სოსო მათიაშვილი

ამას მორაგბის პოზიციიდან არ ვამბობ - ნებისმიერ სფეროში, როდესაც ადამიანი კონტრაქტს აფორმებს, მას აქვს გარკვეული მოვალეობები, რომლებიც უნდა შეასრულოს და თუ ამის გაკეთებას ვერ ახერხებს, ამ ყველაფერს გარკვეული ქმედებები მოყვება.

რაც შეეხება იმას, ღირდა თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი წლით ადრე მთავარი მწვრთნელის განთავისუფლება? ჩემი აზრით ცდად ღირდა. ასეთ სიტუაციაში ვყოფილვართ, თუმცა 2019 წლის პლანეტის პირველობამდე ცოტა ხნით ადრე არა მთავარი, არამედ შეტევისა და შერკინების მწვრთნელი შეცვალეს.

იდეაში ორი წელი ცოტა დრო არ არის საიმისოდ, რომ ბიჭებმა ახალ მწვრთნელთან ადაპტაცია შეძლონ და უკეთესი თამაში აჩვენონ. ფაქტია, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო თაობაა, რომელთან ერთადაც შედეგის ვერჩვენება უფრო რთულია, ვიდრე ჩვენება. საფრანგეთის TOP 14-ში ყველა მათგანი თავის კლუბში გამორჩეულია - ბექა გორგაძე „პოს“ კაპიტანია, დავით ნინიაშვილი დაფრინავს, ბექა საღინაძე არაჩვეულებრივია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ყოველივე ამის ფონზე გაუგებარია, რომ აღარ გვაქვს ისეთი შეხვედრები, როდესაც ვახერხებდით და იტალიასა და უელსს ვამარცხებდით.

დასახელებული კანდიდატებიდან რომელია იდეალური საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობისთვის? სტილისტურად თითქოს უორენ გეთლენდი ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან უყვარს ფეხით დარტყმებითა და მერე დაცვაში თამაში. თუმცა, ვესაუბრე ნაკრების რამდენიმე მორაგბეს და მათ მითხრეს, რომ ფრანკ აზემა ძალიან საინტერესო სპეციალისტია, რომელსაც „კლერმონში“ აქვს ნამუშევარი და როდესაც ამ კლუბიდან წავიდა, ყველას გული დასწყვიტა.

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ - სამხრეთ აფრიკას თუ არ ჩავთვლით, ისეთი მოწინააღმდეგეები შეგვხდნენ, რომლებთანაც მოგებული გვაქვს. მართალია ბათუმში გამარჯვების შემდეგ, იტალიელებთან სტუმრად წავაგეთ, მაგრამ იმ მატჩის პირველი ტაიმი იმდენად კარგად ვიასპარეზეთ, მეორეშიც ეგრე რომ გვეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდით.

შეასრულა თუ არა “შავმა ლომმა“ თავისი ფუნქცია? ბოლო მატჩიდან გამომდინარე ამისი თქმა იოლი ნამდვილად არ არის. თუმცა, ის ფუნქცია, რაც საქართველოს პირველ პროფესიულ ფრენჩაიზს ჰქონდა, რომ მოთამაშეები გაეზარდა, რაღაც დოზით გააკეთა. იმიტომ, რომ როდესაც იტალიასა და უელსს მოვუგეთ, ნაკრების შემადგენლობის ნახევარი ლეგიონერებს, ნახევარი კი „შავ ლომს“ წარმოადგენდა. მეორე საკითხი ის გახლავთ, „შავი ლომის“ ჩამოყალიბებისთვის გამოყოფილი ფინანსები სხვა რამეში რომ დახარჯულიყო, მივიღებდით თუ არა უფრო ეფექტურ შედეგებს, მაგრამ ამას ალბათ ვერასოდეს გავიგებთ.

ცნობისათვის, 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნება. მომდევნო თამაშს კი ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ ტურში, 8 თებერვალს, სტუმრად შვეიცარიელებთან ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დისციპლინის გადაცდომა და მარტივი შეცდომები - ამაშუკელი იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე
დისციპლინის გადაცდომა და მარტივი შეცდომები - ამაშუკელი იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე