ლივერპულის ვარსკვლავის ზარი და მოულოდნელი ტრანსფერი - ხორხელი შკრტელის რჩეულია
ლუკა ხორხელი საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ და „სამგურალში“ ასპარეზობისას, 2024 წლის სეზონში, ერთ შემთხვევაში Crystalsport-ის ლაურეატიც გახდა, როდესაც თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ლუკა წლევანდელ გათამაშებასაც სამშობლოში დაასრულებდა, თუმცა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, გამოჩნდა „სპარტაკ ტრნავას“ ვარიანტი და 25 წლის ფეხბურთელიც სლოვაკეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბის წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმდა. როგორია მისი პირველი შთაბეჭდილებები, რამდენად გაუჭირდა ადაპტაცია და ვისგან გრძნობს ყველაზე მეტ ხელშეწყობას, ამის თაობაზე ლუკა ხორხელმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
ლუკა ხორხელი
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო - აღარაფერს ველოდებოდი და შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ 2025 წლის ბოლომდე Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დარჩენა მომიწევდა. სწორედ ამ დროს, პირადად დამირეკა „სპარტაკ ტრნავას“ სპორტულმა დირექტორმა და „ლივერპულის“ დაცვის ყოფილმა ლიდერმა მარტინ შკრტელმა, რომელიც დიდხანს მესაუბრა. ამის მერე საქმეში ჩემი აგენტებიც ჩაერთნენ და ყველაფერი საათებში მოგვარდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ ტრანსფერში გიორგი მოისწრაფიშვილის უდიდესი როლი - როდესაც მას აზრი ჰკითხეს, იმდენად დადებითად დამახასიათა, რომ „ტრნავას“ შეფებმა ჩემი დამატება საბოლოოდ გადაწყვიტეს.
თავიდანვე ვიცოდი, რომ „სპარტაკ ტრნავა“ ტრადიციული კლუბი იყო, მაგრამ ნანახმა კიდევ უფრო სხვა ემოციები მოიტანა. სტადიონი, გულშემატკივარი, ზოგადად ჩემპიონატი - Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგასთან უდიდესი სხვაობაა. ამის გამო საწყისი რამდენიმე კვირა ძალიან გამიჭირდა, რადგან იქ სხვა ტემპია, სხვა ვარჯიშებია, თუმცა შემდეგ ამ ტემპში ჩაჯდომა მოვახერხე. მალევე მთავარი მწვრთნელი გაუშვეს და ამ პოზიციაზე სპორტულმა დირექტორმა მარტინ შკრტელმა გადმოინაცვლა, რომელმაც ძირითადში დამაყენა და შანსი გამოვიყენე.
ფეხბურთელობისას შკრტელს ხისტი და უხეში მოთამაშის იმიჯი ჰქონდა, თუმცა როგორც პიროვნება სულ სხვანაირია - გახსნილი, კეთილი, მეგობრული. არამხოლოდ ჩემთან, არამედ კლუბის თითოეულ წევრთან კარგი დამოკიდებულება აქვს, რაც დადებითი შედეგების ჩვენებაში ძალიან გვეხმარება.
რატომ არ თამაშობს ბოლო პერიოდში გიორგი მოისწრაფიშვილი? „პრეშოვთან“ გაძევების გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც ნამდვილად გადაჭარბებული გახლდათ და კლუბის ხელმძღვანელებმა აპელაცია შეიტანეს. სასჯელი გიორგის 2 შეხვედრამდე შეუმცირეს და როდესაც დასაბრუნებლად ემზადებოდა, ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მოისწრაფიშვილის გარეშე „სპარტაკ ტრნავა“ როგორც სამწვრთნელო შტაბისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის წარმოუდგენელია, რადგან ის ერთ-ერთი ლიდერია.
რით აღემატება სლოვაკეთის პირველობა საქართველოს ჩემპიონატს? ყველაფრით. ვარჯიშები, საქმისადმი მიდგომა, ბაზები, საწვრთნელი პირობები - აბსოლუტურად ყველაფერში წინ არიან და რომ არ დაგიმალოთ, ამხელა სხვაობას ნამდვილად არ ველოდი.
მახარებს ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატში ამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს და თანაც, ყველა საწყისი ხუთეულის კლუბებს წარმოვადგენთ. კარგია, რომ ალექსანდრე ნარიმანიძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და ვეცდები ვილი სანიოლის ყურადღება მეც დავიმსახურო, რადგან ისევე როგორც ყველა ფეხბურთელის, ჩემი მთავარი ოცნებაც არის ეროვნულ გუნდში მოვხვდე.
2025 წელი ჩემი ძმებისთვის ძალიან კარგი გამოდგა - ნიკა „იბერიას“ შემადგენლობაში Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო ანდრია „მეშახტესთან“ ერთად უმაღლესში გადმოვიდა. ორივეს საკმაოდ საინტერესო ვარიანტები აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ერთად კარგად დაფიქრების შემდეგ მივიღებთ.
ცნობისათვის, ლუკა ხორხელმა ყველა ტურნირზე „სპარტაკ ტრნავას“ რიგებში 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 ძირითადში დაიწყო, 8-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და თავი 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. ლუკა საქართველოში 2 იანვრამდე დარჩება, მეორე წრისთვის მზადებას კი კლუბთან ერთად 5 იანვრიდან შეუდგება.