ინტერი, კრისტიან კივუ
Aa
Aa

ინტერის უტიტულო 2025 წელი - სუპერთასისთვის ნაპოლი და ბოლონია იბრძოლებენ

საუდის არაბეთში მიმდინარე იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. „ბოლონიასა“ და „ინტერის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში მე-2 წუთზე მარკუს ტურამის მიერ გატანილ ბურთს, 35-ეზე რიკარდო ორსოლინიმ უპასუხა და ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. 11-მეტრიანების სერიაში კი უფრო ზუსტი „როსობლუ“ გამოდგა და „ნერიაძური“ 3:2 დაამარცხა. სერიაში იყო მომენტი, როდესაც ორივე გუნდის მოთამაშეებმა ზედიზედ ხუთი პენალტი გააფუჭეს - მიზანს ალესანდრო ბასტონის, ნიკოლა მოროს, ნიკოლო ბარელას, ხუან მირანდას და ანჯე-იოან ბონის დარტყმებმა ვერ მიაღწია.

მატჩის დამთავრების შემდეგ „ბოლონიას“ დამრიგებელმა ვინჩენცო იტალიანომ აღნიშნა, რომ მისი შეგირდები პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდნენ, შესვენების შემდეგ კი „ინტერმა“ აჯობათ, თუმცა ფრე სავსებით სამართლიანი შედეგი იყო, ხოლო პენალტების სერიაში მისმა ფეხბურთელებმა ცივსისხლიანად იმოქმედეს. რაც შეეხება კრისტიან კივუს, ნერიაძურის მესაჭემ 11-მეტრიანების სერიას ლატარეა უწოდა, ყურადღება მომენტების გამოუყენებლობაზე გაამახვილა, ხოლო არბიტრების ქმედებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

ცნობისათვის, 2025 წელი „ინტერმა“ უტიტულოდ დაასრულა - სიმონე ინძაგის მუშაობის დროს მილანელებმა ჩემპიონთა ლიგაში, სერია A-სა და კოპა იტალიაზე ვერ მიაღწიეს მიზანს, ხოლო კრისტიან კივუს მისვლის შემდეგ ჯილდოს გარეშე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და იტალიის სუპერთასზე დარჩნენ. რაც შეეხება „ბოლონიას“, იტალიანოს მომზადებული კრებულის მეტოქე სუპერთასის ფინალში „ნაპოლი“ იქნება და მატჩი 22 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა | ბოლონიას დაცვის გაძლიერება სურს
ერთ-ერთი კანდიდატი გოგლიჩიძეა | ბოლონიას დაცვის გაძლიერება სურს