83 წლის ასაკში - სანდრო მაცოლა გარდაიცვალა
„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი სანდრო მაცოლა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის თაობაზე ინფორმაცია ნერიაძურის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, სადაც წერია: „სანდრო მაცოლა იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. ის ჩვენს გუნდში მოვიდა ბავშვი და არასოდეს მივუტოვებივართ“.
სანდრო მაცოლა 6 წლის გახლდათ, როდესაც მამამისი ვალენტინო მაცოლა 1949 წელს, „ტორინოს“ სხვა ფეხბურთელებთან ერთად ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა. ბუნებრივია, მამის ხსოვნის საპატივცემულოდ უმცროსმა მაცოლამაც ფეხბურთელობა გადაწყვიტა და მისი დებიუტი „ინტერის“ რიგებში 1961 წელს, 18 წლის ასაკში შედგა და კარიერის ბოლომდე, 1977 წლამდე შავ-ლურჯების ღირსებას იცავდა. ლომბარდიელებთან ერთად სანდრომ ორჯერ სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა თასი და ამდენჯერვე საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, საერთო ჯამში კი ყველა ტურნირზე გამართულ 565 შეხვედრაში თავი 158 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, იტალიის ეროვნულ გუნდში 70 მატჩში 22-ჯერ გაიტანა, 1968 წელს ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1970-ში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ცნობისათვის, სანდრო მაცოლას საფეხბურთო საქმიანობა კარიერის დასრულების შემდეგაც არ შეუწყვიტავს და ცნობილ ტელეკომპანია RAI-ში ანალიტიკოსად მუშაობდა, გარკვეული პერიოდი კი „ინტერსა“ და „ტორინოს“ სტრუქტურაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოღვაწეობდა.