მერაბი 14-ჯერ შეამოწმეს | რამდენი დოპინგ-ტესტი ჩააბარეს ქართველმა მებრძოლებმა
2025 წელი დასასრულს უახლოვდება და UFC-ის ანტი-დოპინგის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემები კიდევ ერთხელ განახლდა. 2025 წელს ყველაზე მეტი ტესტი მერაბ დვალიშვილს ჩაუტარდა. „მანქანა“ აკრძალულ პრეპარატებზე 14-ჯერ შემოწმდა.
მეორე ადგილზე არმან ცარუკიანი იმყოფება. „ახალქალაქელს“ 12 დოპინგ-ტესტი ჩაუტარდა. დვალიშვილი და ცარუკიანი ერთადერთი მებრძოლები არიან, რომლებიც მინიმუმ 10-ჯერ შეამოწმეს. მათ შემდეგ აზამატ ბეკოევი და ხამზატ ჩიმაევი მოდიან — 9-9 ტესტი.
რაც შეეხება სხვა ქართველ მებრძოლებს, ილია თოფურიას ნიმუშის ჩაბარება შვიდჯერ მოუწია. „ელ მატადორის“ ძმა, ალექსანდრე, ექვსჯერ შეამოწმეს. გიგა ჭიკაძემ დოპინგ-ტესტი ხუთჯერ ჩააბარა, რომან დოლიძემ კი — ოთხჯერ.
საინტერესოა, რომ დოპინგ-ტესტების სიაში დაბრუნდა კონორ მაკგრეგორი. ირლანდიელი მებრძოლი 2025 წელს შვიდჯერ შეამოწმეს. UFC-ის P4P რეიტინგის პირველი ნომერი, ისლამ მახაჩევი — რვაჯერ.