გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ხავი გრასია
Aa
Aa

„ამ პოზიციაზე ის ყველაზე კარგია, მის დონეში ეჭვი არ გვეპარება“ - უოტფორდის მწვრთნელი

ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ გიორგი ჩაკვეტაძეზე „უოტფორდში“ დიდ იმედებს ამყარებენ. პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად მებრძოლი ლონდონური კლუბი ქართველ შემტევს საკვანძო ფიგურად მიიჩნევს.

ბრიტანული გამოცემა Watfordobserver-ი ჩაკვეს როლის შესახებ სტადიას აქვეყნებს, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელის ხავი გრასიას კომენტარიც არის დართული:

„გასულ კვირას რექსჰემთან მატჩში გრასიამ ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა და მოედანზე მეორე ტაიმში, შეცვლაზე შეიყვანა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ქართველ ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ დონისთვის, რომლითაც გასულ სეზონში გულშემატკივარს აჯადოებდა.

მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ გიორგი წინასაახალწლო მატჩებში საკვანძო როლს შასრულებს. გრასიამ აღნიშნა, რომ მას ძირითადად მარცხენა ფლანგის მოთამაშედ განიხილავს.

„გასულ კვირას ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. გიორგი ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ მას დრო სჭირდება, რომ თავი უკეთ იგრძნოს და თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. ჩვენ ეს ვიცით, თუმცა მის ხარისხში ეჭვი არ გვეპარება – ის გუნდს მომდევნო თამაშებში დაეხმარება.

ჩემი აზრით, გიორგის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ვინგერის ამპლუაა. თუმცა, ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ სად ითამაშებს, მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ ეხება – ეს მთლიან თერთმეტეულზეა დამოკიდებული. როდესაც სასტარტო შემადგენლობას ადგენ, უნდა იპოვო ბალანსი და გაითვალისწინო არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, არამედ ყველას მახასიათებლები“. - თქვა ხავი გრასიამ.

შესაძლოა, ჩაკვეტაძე სტოკ სიტის წინააღმდეგ ოსმან მაამას გვერდით ვიხილოთ, რომელმაც გასულ თვეში გუნდში გამოჩენის შემდეგ ორივე ფლანგზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაამა ახლოს იყო მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში მოხვედრასთან აფრიკის თასზე, თუმცა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა. მან ბოლო ოთხ მატჩში ორი გოლი გაიტანა. მისი უნარი, ითამაშოს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე, გუნდისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

„უოტფორდი“ „სტოკს“ საკუთარ მოედანზე შაბათს, 20 დეკემბერს დაუპირისპირდება. მატჩი 19:00-ზე დაიწყება. ჩაკვეტაძის გუნდი 29 ქულით მე-14 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები