სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა | ლივერპულში კონფლიქტი აღმოფხვრილია
„ლივერპულის“ ფეხბურთელმა კერტის ჯონსმა Sky Sports-ს ინტერვიუ მისცა და მოჰამედ სალაჰის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ინგლისელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ყველა კონფლიქტი აღმოფხვრილია და სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა.
„მო დამოუკიდებელი ადამიანია და შეუძლია თქვას ის, რაც მოესურვება. მან თანაგუნდელებს ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა: თუ ვინმეზე რამით გავლენა მოვახდინე ან რაიმე ფორმით თავი ცუდად გაგრძნობინეთ, ბოდიშს გიხდით.
მო ასეთი ადამიანია. ის არ შეცვლილა და არც ჩვენ გვაქვს მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება. ალბათ, ასეთი ქცევა ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ყოველთვის გამარჯვება სურთ, და დარწმუნებული ვარ, მო ბოლო არ იქნება, ვინც ასე მოიქცევა. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, სიტუაციას სხვანაირად გამკლავებოდა, თუმცა უფრო დიდი პრობლემა იქნებოდა, რომ ყოფილიყო ფეხბურთელი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომით კმაყოფილია.“
შეგახსენებთ, რომ სალაჰსა და არნე სლოტს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეგვიპტელმა ფეხბურთელმა კლუბი საჯაროდ გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ „ლივერპული“ ცდილობს იგი დამნაშავედ წარმოაჩინოს და ყველა წარუმატებლობა მას დააბრალოს.