„მათ ეს ბრძოლა დაიმსახურეს, რაც შეეხება ფავორიტს...“, - ილია გეიჯი-პიმბლეტზე
ილია თოფურია, რომელმაც ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავის გამო კარიერა დროებით შეაჩერა, ეჭვი არ ეპარება, რომ პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იმსახურებენ ბრძოლას დროებითი ტიტულისთვის, რომელსაც ისინი ხუთ კვირაში გამართავენ.
გარდა ამისა, „მატადორი“ ამ დაპირისპირებაში ფავორიტს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ბრძოლა სრულიად არაპროგნოზირებადია.
„ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია UFC-სთან და წინასწარ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჩემი პირადი გარემოებების გათვალისწინებით. მათ იცოდნენ, რომ არსებული სიტუაციის გამო იანვარში ჩხუბს ვერ შევძლებდი, ამიტომ გადაწყვიტეს დროებითი ტიტული ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გაეთამაშებინათ. ვფიქრობ, ორივემ ეს ნამდვილად დაიმსახურა. მათთვის ეს მნიშვნელოვანი ქამარია. ეს ყველაზე ახლო მანძილია, რომელზეც ისინი სატიტულო რბოლაში მივლენ. ვულოცავ ორივეს, მაგრამ საბოლოოდ მათ მაინც ნამდვილ ჩემპიონთან მოუწევთ საქმის დაჭერა.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენს სპორტში პროგნოზების გაკეთება ყოველთვის ძალიან რთულია. ეს ძალიან ძნელი ბრძოლაა. პედი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც მეტოქეებს პარტერში ადვილად გადაიყვანს, ხოლო ჯასტინი ცნობილია თავისი მძიმე დარტყმებით როგორც ხელებით, ისე ფეხებით, ის დიდ ზიანს აყენებს მეტოქეებს წვივის არეში დარტყმებით და მარჯვენა ხელითაც. ჩვენ ვნახეთ, რომ პედი ბრძოლებში ბევრ დარტყმას უშვებს, ასე რომ, ეს გულშემატკივრებისთვის ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება. ეს არის არაპროგნოზირებადი ორთაბრძოლა, როცა არ იცი, ყველაფერი როგორ წარიმართება.
პირადად მე მიმაჩნია, რომ მასში აშკარა ფავორიტი არ არსებობს. UFC დიდი სპეციალისტია ამაღელვებელი დაპირისპირებების ორგანიზებაში და მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ“,
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა ESPN-თან ინტერვიუში.
პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯის შორის ორთაბრძოლა 24 იანვარს ლას-ვეგასში UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება.