გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ეს ფაქტი მისი თამაშის შანსებს უფრო ამცირებს“ - მერსისაიდული გამოცემა მამარდაზე წერს

„ლივერპულთან“ დაახლოებული მერსისაიდული სააგენტო Liverpool Echo გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და გუნდში მისი თამაშის პერსპექტივას განიხილავს. სააგენტოს შეფასებით, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელგიელი მეკარის, ლუკა ბრუგმანსის დამატების შემდეგ, „ლივერპულში“ მამარდაშვილის თამაშის შანსები კიდევ უფრო მიზერული გახდა.

რა წერია სტატიაში:

ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთ მატჩში არ უთამაშია - რაც არ არის დიდი მოულოდნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ალისონ ბეკერის შემცვლელია. თუმცა, 25 წლის ფეხბურთელის მომავალი „წითლებში“ ამ ზაფხულს ეჭვქვეშ დადგა.

სატრანსფერო ფანჯრისას „ლივერპულმა“ „გენკს“ მეკარე ლუკა ბრუგმანსის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელი კი მომავალი სეზონისთვის ბელგიაში დარჩა. თუმცა, თინეიჯერი მეკარე „გენკში“ მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ მამარდაშვილის ტრანსფერი „ნოტინგემ ფორესტში“ არ შედგა.

ამ ზაფხულს მეკარის ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო ჭორები და „წითლების“ მიერ ბრუგმანსის დამატება მიანიშნებს, რომ „ენფილდზე“ მამარდაშვილის ყოფნა შესაძლოა უახლოეს მომავალში დასრულდეს.

ალისონის ტრავმებიდან გამომდინარე, აქამდე მას იმაზე მეტის თამაში მოუწია, ვიდრე თავად მოელოდა. არნე სლოტის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში მეკარემ ჯამში 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ 2024 წელს „ვალენსიადან“ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადმოსვლის შემდეგ, მან ბევრი მაინც ვერ დაარწმუნა, რომ ბრაზილიელის ღირსეული შემცვლელი იქნება.

თუკი ის მომავალ ზაფხულს ბრუგმანსის გუნდში მოსვლის შემდეგ კლუბს დატოვებს, მამარდაშვილმა შესაძლოა ინანოს, რომ გარდაუვალის მოლოდინში გუნდი ამ სეზონშივე არ დატოვა და მთელი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატარა ისეთ კლუბში, რომელიც მის მომავალს ვერ ხედავს.

გიორგი მამარდაშვილს ახალ სეზონში „ლივერპულში“ ოფიციალური მატჩი ჯერჯერობით, არ ჩაუტარებია. ქართველი მეკარე შემადგენლობაში მხოლოდ პრესეზონზე მოგვევლინა. 15 სექტემბერს, „ლივერპული“ ინგლისის ლიგის თასზე საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება და შესაძლოა, ქართველი მეკარე მერსისაიდული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სწორედ ამ მატჩში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩოჩარელი კვარა“, რომელიც დღითიდღე მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს
„ჩოჩარელი კვარა“, რომელიც დღითიდღე მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია კვერნაძეს აფასებს