ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

„არაფრის ეშინია და ფენომენია“ | დევიდ უები LEquipe-ს კვარაზე ესაუბრა

დევიდ უებმა L’Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა „კვარა“ შეაქო და „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი დეტალურად დაახასიათა.

„მახსოვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუმფრისის წინააღმდეგ რაც გააკეთა. მატჩი თითქმის დასრულებული იყო, როცა ხვიჩამ გიჟური ძალისხმევა გაიღო — საკუთარ ნახევარზე დაბრუნდა და დენზელი აიძულა, დაჯარიმებულიყო. ეს მომენტი მის მენტალიტეტს იდეალურად ასახავს. საოცარი შეტევითი უნარების გარდა, ის დაცვაშიც გამორჩეულად თამაშობს. ამ კომპონენტზე მუშაობა, ალბათ, ანტონიო კონტესთან დაიწყო და პსჟ-ში ტრანსფერს საუკეთესო კონდიციებში შეხვდა.

კვარაცხელიამ აჩვენა, რომ მხოლოდ დრიბლიორი და ერთი-ერთზე მოთამაშე ფეხბურთელი არ არის — მას დიდი არსენალი აქვს. თამაშის წაკითხვის უნარი საშუალებას აძლევს, პოზიციები შეიცვალოს: გადავიდეს მეორე ფლანგზე, აიწიოს შუაში ან დადგეს ხაზებს შორის. ფლანგზე მას შეუძლია, მეტოქის დაცვის ხაზი გაარღვიოს და დაცვაშიც დაბრუნდეს.

ეროვნულ ნაკრებში ხვიჩას ქცევას თუ დააკვირდებით, ვერ მიხვდებით, რომ თქვენს წინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დგას. კვარა უბრალო ადამიანია — ქედმაღალი საერთოდ არაა და ნამდვილი პროფესიონალია. არ ვიცი, ცხოვრებაში როგორი პიროვნებაა, თუმცა ნაკრებში მისი საქციელით შემიძლია ვთქვა, რომ არ სურს განსხვავებული მოპყრობა მიიღოს. არასდროს გამიგია, რაიმე მოეთხოვოს. თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს, თუ სხვებს ეტყვის, იმუშაონ, რათა თვითონ იკაშკაშოს. მას სურს, გუნდის ნაწილი იყოს და შეასრულოს იგივე სამუშაო, რასაც სხვები აკეთებენ. უფრო მეტიც — ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მოედნიდან ძლივს გაგვყავს.

ფიზიკურობის თვალსაზრისით, ის ნამდვილი ფენომენია. ამას საბერძნეთთან მატჩში მივხვდი, როცა ძალიან უხეშობდნენ და მან ყველაფერი ღირსეულად მიიღო. საქმე იქამდე მივიდა, რომ დამატებითი დროისას მისი შეცვლა მოგვიწია, რათა დაგვეცვა. ხვიჩას არაფრის ეშინია და ყოველთვის იბრძვის — მისთვის ეს თამაშის ნაწილია და მატჩებს მსუბუქად არასდროს უდგება.

კვარაცხელიას სჯერა საკუთარი უნარების. ის ლიდერია, რომელიც საკუთარ სტატუსს ქმედებებით ამყარებს. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისას მან თანაგუნდელებს სიტყვით მიმართა. ყველაფერი ვერ გავიგე, რადგან ქართულად ილაპარაკა, თუმცა მივხვდი, რომ შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა — ბიჭები ენერგიაზე მოიყვანა.“

ცნობისთვის, კვარაცხელიას მოედანზე რამდენიმე საათში ვიხილავთ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვიჩას გუნდი „რეალს“ ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები