სინერს შეხვდება - ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალშია
2025 წლის უიმბლდონი დასკვნით ფაზაში შედის. მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ფლავიო კობოლის დაუპირისპირდა და ოთხ სეტში 6:7 6:2 7:5 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა და სეტზე აწვდიდა, თუმცა იტალიელმა უკუბრეიკი მიითვალა და სეტი გადაარჩინა. მეტიც, ნოლეს მეათე გეიმში კობოლის ჩაწოდებაზე სეტპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ტაი-ბრეიკი და ფლავიომ 8:6 მოიგო.
მეორე სეტი სერბი სუპერვარსკვლავისთვის საკმაოდ მარტივი გამოდგა. ორი ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი ნოვაკმა ბრეიკით დაიწყო, მაგრამ კობოლიმ მეოთხე გეიმში წონასწორობა აღადგინა. ყველაფერი თითქოს კვლავ ტაი-ბრეიკზე უნდა გარკვეულიყო, მაგრამ მე-11 გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო, წინ გავიდა და საბოლოოდ სეტიც დახურა.
მეოთხე სეტში თანაბარი დაპირისპირება ვიხილეთ, მაგრამ მე-9 გეიმში ნოვაკმა ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩააწოდა, სადაც უშეცდომო იყო და ნახევარფინალში გავიდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალში მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს იანიკ სინერს დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ბენ შელტონი 3 სეტში დაამარცხა.