„მანჩესტერში, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“ - ამორიმის და სლოტის კომენტარები
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში, „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.
არნე სლოტი:
„ყოველთვის რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც დაცვაში სიღრმიდან თამაშობს და ძირითადად გრძელ პასებს აკეთებს. როდესაც თამაშს ფაქტობრივად, 1:0-დან იწყებს, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. თამაშამდე რომ გეთქვათ, ასეთი დაცვის წინააღმდეგ ამდენ შანსს შევქმნიდით და მაინც წავაგებდით, ვერ დავიჯერებდი. მაგრამ ზუსტად ასე გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით და საკმარისი შანსი გვქონდა ერთზე მეტი გოლის გასატანად, თუმცა კვლავ 2 ბურთი გავუშვით, ორიდან ერთი კი სტანდარტული მდგომარეობიდან იყო. ყურადღება საკუთარ თავებზე უნდა გავამახვილოთ. უნდა ვეძებოთ მიზეზები, თუ რატომ ვერ გავიტანეთ ამდენი შანსიდან უფრო მეტი გოლი. ასევე, თავი უკეთ უნდა დავიცვათ. ამაზე ბევრი სამუშაო გვაქვს.“
რუბენ ამორიმი:
„ვფიქრობ, ჩემთვის, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოღვაწეობის პერიოდში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ეს ყველაფერი ჩემთვის დღეს ბევრს ნიშნავს, მაგრამ ხვალიდან მომდევნო თამაშისთვის იწყება ფიქრი. ეს ჩვენთვის ბრწყინვალე სამი ქულა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ყველა ბურთისთვის ვიბრძოდით და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. მეორე ნახევარში სიმშვიდე ცოტათი დავკარგეთ, მაგრამ გუნდს სული ჰქონდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ასეთი სულისკვეთებით ვითამაშებთ, მაშინ ნებისმიერი მატჩის მოგებას შევძლებთ. კარგი დღე იყო, მაგრამ ახლა ფიქრი ბრაიტონთან მატჩისთვის უნდა დავიწყოთ. დღევანდელი საღამოთი ვისიამოვნებ, მაგრამ მალევე უნდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ მატჩზე.“
„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე. არნე სლოტის გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩა. მერსისაიდელები მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრებიან, მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, რუბენ ამორიმის გუნდს 13 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება. „წითელი ეშმაკები“ მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.