ლივერპული მან. იუნაიტედთან ენფილდზე დამარცხდა - მამარდაშვილი სასტარტოში იყო
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა.
გიორგი მამარდაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სამი მოგერიება ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ გაშვებული გოლების ეპიზოდში უძლური აღმოჩნდა და თავის გუნდს ვერ დაეხმარა.
გიორგი მამარდაშვილის მომენტები:
ანგარიში შეხვედრის დებიუტში, მე-2 წუთზე „იუნაიტედმა“ მბეუმოს გოლით გახსნა და რუბენ ამორიმის გუნდმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო.
მეორე ნახევარი ძირითადად „ლივერპულის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და არნე სლოტის გუნდმა 78-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო, გოლი კოდი გაკპოს ანგარიშზეა.
თუმცა, გოლიდან მალევე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კიდევ ერთხელ შეძლო დაწინაურება. მამარდაშვილის კარში გოლი ამჯერად ჰარი მაგუაიერმა გაიტანა, რაც საბოლოოდ, გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.
დარჩენილ დროში მერსისაიდელებმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლეს და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდნენ.
„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე. არნე სლოტის გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩა. მერსისაიდელები მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრებიან, მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ პრემიერ ლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივე შეხვედრაში 2-2 ბურთი გაუშვა. დღევანდელ მატჩში მამარდაშვილმა Flashscore-სგან 5.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მასზე დაბალი ქულა კი მხოლოდ ალექსანდრ ისაკს ჰქონდა - 5.8. ასევე უნდა ითქვას, რომ მამარდაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების ჩათვლით ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, რაც მის კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა.