„ნერვიულობდა და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და „იუნაიტედის“ ფეხბურთელების მიერ ზუსტად დარტყმული 4 ბურთიდან 2 მოიგერია, ორიც კი გაუშვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიტანულმა მედიამ გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა.
რას წერენ პრესაში:
Skysports – 5 ქულა: გასულ სეზონში, როდესაც იჯარის წესით ჯერ კიდევ ვალენსიაში თამაშობდა, ალისონ ბეკერის შეცვლის სურვილი გამოთქვა. ახლა მას შანსი ეძლევა, თუმცა ამ დიდ სცენაზე ის ცოტა ნერვიული ჩანს. შესაძლოა, დაბნეულიც იყო მას შემდეგ, რაც ბრაიან მბეუმოს ადრეული დარტყმა ვერ მოიგერია. ჰარი მაგუაიერის თავური დარტყმის შეჩერების ცოტა შანსი ჰქონდა, მაგრამ პირველ ტაიმში მატეუშ კუნიას ჩაწოდება არადამაჯერებლად მოიგერია და ბურთის დაფიქსირება ვერ შეძლო. პირველი ტაიმის შუაში რამდენიმე კარგი პასი ჰქონდა, მაგრამ ძირითადად, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.
SI.com – 5.4 ქულა: ადრეულმა გოლმა მის დამაჯერებლობაზე იმოქმედა და ძელებს შორის მშვიდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.
Goal.com – 5 ქულა: პრემიერ ლიგაში, „წითლების“ შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ მეორე მატჩი ითამაშა, ეს კი ალისონის ტრავმისგან იყო გამოწვეული. თამაშის დასაწყისშივე შოკი მიიღო, ბრაიან მბეუმოს დარტყმას არასათანადოდ შეხვდა, რამაც გოლი გამოიწვია. ჰარი მაგუაიერის თავურის ეპიზოდში კი ცოტა რამის გაკეთება შეეძლო.
Liverpoolworld – 5 ქულა: შესაძლოა, მბეუმოს გოლის დროს მეტის გაკეთება მართებდა. პირველ ნახევარში მეისონ მაუნტის დარტყმული კარგად მოიგერია. მეორე ნახევარში სეივი არ ჰქონია და მაგუაიერის თავურის დროს მოგერიების შანსიც თითქმის არ მისცემია.
Thisisanfield – 5 ქულა: მამარდაშვილისთვის, პრემიერ ლიგაში საშიანო დებიუტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ალისონის მიერ დატოვებულ სიცარიელეზე დიდ ზეწოლას განიცდიდა. მეორე წუთზე, ბრაიან მბეუმომ ძალიან მარტივად აჯობა და ამის შემდეგ ნერვიულად გამოიყურებოდა. ამას მოჰყვა მატეუშ კუნიას მიერ ჩაწოდებული ბურთის არადამაჯერებლად მოგერიებაც. რამდენიმე კარგი პასი ჰქონდა, მაგრამ ალისონი არ არის.
„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით კი ზედიზედ მეოთხე. არნე სლოტის გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან „არსენალს“ 4 ქულით ჩამორჩა. მერსისაიდელები მომდევნო ტურში „ბრენტფორდს“ ესტუმრებიან, მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ქართველმა მეკარემ პრემიერ ლიგაში მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორივე შეხვედრაში 2-2 ბურთი გაუშვა. დღევანდელ მატჩში მამარდაშვილმა Flashscore-სგან 5.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მასზე დაბალი ქულა კი მხოლოდ ალექსანდრ ისაკს ჰქონდა - 5.8. ასევე უნდა ითქვას, რომ მამარდაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების ჩათვლით ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, რაც მის კარიერაში აქამდე არასდროს მომხდარა.