ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ ნიუ-ჯერსის „მეტლაიფ სთედიუმზე“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა, 4:0 გაანადგურა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ქართველი შემტევი მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და განსაკუთრებით პროდუქტიული დაცვით ფაზაში იყო, სადაც თანაგუნდელებს თითქმის ყველა ეპიზოდში ეხმარებოდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა 59-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, დაცვაში თავდადების გამო კი კვარაცხელიამ გავლენიანი ფრანგული გამოცემებისგან მაღალი შეფასება და საქებარი სიტყვები დაიმსახურა.

კვარას მომენტები რეალთან:

რას წერენ მედიაში ხვიჩაზე:

L’Equipe – 6 ქულა: ბოლო მატჩებთან შედარებით, ერთი-ერთზე სიტუაციებში ნაკლებად თვალშისაცემი იყო, თუმცა შორეული დარტყმებით მადრიდის „რეალს“ მაინც უქმნიდა საფრთხეს. პარალელურად, დაცვაში ისეთივე პროდუქტიული იყო, როგორც წინა მატჩებში შეგვაჩვია.

Le Parisien – 7 ქულა: ჩვენ არავის გავუფრთხილებივართ, მაგრამ როგორც ჩანს, კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა. 7 ნომერს შეტევაში თითქოს, შთაგონება აკლდა, იმის მიუხედავად, რომ „რეალის“ კარს რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ იმის ყურება, თუ როგორ იშორებს მეტოქეებს რთულ სიტუაციებში, სიამოვნების მომგვრელია. განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა საჯარიმოსთან მბაპესთან მოგებული დუელი, რასაც შემდეგ შესანიშნავი რეიდი მოჰყვა.

Footmercato – 7 ქულა: ქართველმა თავისი ჩვეული სტილით შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა. დაცვაში ულტრაპროდუქტიული იყო და საკმაოდ დიდი ინტენსივობის თამაში ჰქონდა, რომლის მხოლოდ მოწონება შეგვიძლია. დაცვაში, ნუნუ მენდეშთან შექმნილმა დუეტმა იდეალურად იმუშავა. ასევე, მან რამდენიმე მომენტიც შექმნა, მაგრამ დაცვით ფაზაში გამჭრიახობა აკლდა. თუმცა, მას არაფერში ვადანაშაულებთ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული გუნდის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა შემტევმა 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტურნირის ფინალში პსჟ ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება. მატჩი 13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე კვლავ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სთედიუმზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები