„მსურს ერთი მებრძოლის წაუგებელი სვლა მაინც შევაჩერო“ - ვოლკანოვსკი ევლოევს ითხოვს
ბევრი მიიჩნევს, რომ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ საჩემპიონო ქამარი მოვსარ ევლოევთან უნდა დაიცვას, რომელსაც მართალია ყველა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული და არც ერთი მეტოქე არ დაუფინიშებია, მაგრამ ეს მის გამარჯვებებს დიდად არ აკნინებს და ამ ვერსიას თავად 36 წლის ლეგენდარული ავსტრალიელი ჩემპიონიც ეთანხმება, რომელმაც Bloody Elbow-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
„თუ UFC-ის ხელმძღვანელები დამისვამენ შეკითხვას, ვისთან უნდა დავიცვა საჩემპიონო ქამარი, დაუყოვნებლივ მოვსარს დავასახელებ, რადგან მან ჩემთან ჩხუბი დაიმსახურა. ის დაუმარცხებელია და ბოლოს, როდესაც დაუმარცხებელ მოწინააღმდეგეს შევხვდი, წავაგე. ევლოევი 19 მოგებითა და არც ერთი წაგებით მიიწევს წინ და ვფიქრობ ჩემი კარიერისთვის კარგი იქნება, თუ რომელიმე მებრძოლის მარცხების გრაფადან ნულიანს ამოვიღებ“.
ცნობისათვის, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ოქტაგონში ბოლოს აპრილში გამოჩნდა, როდესაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დიეგო ლოპესი დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.