ხუთმატჩიანი ნავსის გატეხვას აპირებს - ჯოკოვიჩი სინერთან მატჩის წინ
ხვალ უიმბლდონის მიმდინარე საჩოგბურთო პირველობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა უნდა გაიმართოს. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იანიკ სინერი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ტურნირზე კარიერაში რიგით 103-ე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ფლავიო კობოლის დამარცხებით, ნოლე გახდა კენ როეზუოლას შემდეგ ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც 38 წლის ასაკში ორი დიდი სლემის ნახევარფინალში შეძლო გასვლა.
ჯოკოვიჩი საერთო ჯამში უიმბლდონის ნახევარფინალში მეთოთხმეტედ გავიდა, რითაც როჯერ ფედერერის (13) რეკორდი გააუმჯობესა და როგორც უკვე მოგახსენეთ მისი მეტოქე სინერი უნდა იყოს - იტალიელი თავის მხრივ ზედიზედ მეოთხე დიდ სლემზე მოხვდა საუკეთესო ოთხეულში. უპრინციპულესი თამაშის წინ, ჩოგბურთელებმა საინტერესო კომენტარები გააკეთეს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი
როლან გაროსზე იანიკ სინერთან სამ სეტში დავმარცხდი, თუმცა ახლაც ვთვლი, რომ კარგად ვითამაშე. უბრალოდ, ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში მეტოქე უკეთესი იყო, რადგან მას ჩემზე ახალგაზრდა ორგანიზმი აქვს. რომელიმე ტურნირის ფინიშის მოახლოებასთან ერთად, როდესაც ტიტულისთვის მსოფლიოს ჩოგბურთის ისეთ ლიდერებთან ვიბრძვი, როგორებიც სინერი და ალკარასი არიან, სიამაყით ვივსები. სწორედ ეს არის ჩემთვის მოტივაციის მთავარი წყარო.
რა შემთხვევაში გავალ ფინალში? ბევრი ვარიანტები არსებობს. ერთს ვიტყვი, თუ მინდა, რომ იანიკი დავამარცხო, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად საამისოდ 100 პროცენტით მომზადებაა საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა მქონდეს იმხელა ენერგია, რომ ხუთი სეტის თამაში თავისუფლად შევძლო.
იანიკ სინერი
წლების მატებასთან ერთად ჩემს კარიერაში უკეთესობისკენ ბევრი რამ იცვლება. პირველ რიგში ალბათ ის, რომ თუნდაც 2023 წელთან შედარებით, ახლა თამაშების წინ ნაკლებად ვნერვიულობ და უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ. ნოვაკ ჯოკოვიჩს როდესაც ნახევარფინალში ეთამაშები, საკუთარ თავს ვერ მისცემ უფლებას, რომ ფინალზე იფიქრო. სერბი საოცარი ჩოგბურთელია და წინ მორიგი გამოცდა მელის.
ცნობისათვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ ხუთი მატჩია იანიკ სინერს ვერ ამარცხებს - ბოლოს მათ დაპირისპირებაში სერბი გამარჯვებული 2023 წელს ტურინის ტურნირზე დარჩა. მას შემდეგ კი იანიკმა ნოლეს დევისის თასზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, შანხაის მასტერსზე, საუდის არაბეთის შეჯიბრებაზე და როლან გაროსზე მოუგო.