„ხიზანას ზარის შემდეგ აღარაფერი მახსოვს“ - ნაკრების დებიუტანტის პირველი ემოციები
15 ნოემბერს ესპანეთთან (შინ) და 18 ნოემბერს ბულგარეთთან (სტუმრად) მატჩებისთვის ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ 25-კაციან შემადგენლობაში ორი დებიუტანტია. ერთ-ერთი მათგანი „ჟილინას“ 20 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ნარიმანიძეა, რომელსაც წლევანდელ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს და მუდამ მაღალ შეფასებებს იღებს. სანდროს ასევე დიდ ნდობას უცხადებდა ჩვენი ქვეყნის 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე და გარდა დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულებისა, მალტელებთან მატჩში „იბერიას“ აკადემიის აღზრდილმა უკანახაზელმა გატანილი გოლითაც გამოიჩინა თავი. რამდენად მოულოდნელი იყო მისთვის ეროვნულ გუნდში გამოძახება და როგორი იყო ემოციები, ამის თაობაზე ნარიმანიძემ პირველი კომენტარი Crystalsport-ისთვის გააკეთა.
ალექსანდრე ნარიმანიძე
უბედნიერესი ვარ იმ ყველაფრით, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, რადგანაც ჩემი ბავშვობის უდიდესი ოცნება იყო მოვხვედრილიყავი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ეს ყველაფერი დღეს ასრულდა, ამიტომ სიტყვებით არ შემიძლია ამ ემოციების გადმოცემა.
რაც შეეხება გამოძახების მომენტს, ზურაბ ხიზანიშვილმა დამირეკა და ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. როდესაც ტელეფონს დავხედე და მისი ნომერი დაეწერა, იმხელა სიხარული განვიცადე, მაგის მერე კარგად აღარაფერი არ მახსოვს. ბუნებრივია, ყველა თანაგუნდელს ძალიან გაუხარდა ჩემი ამბავი და სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც განსაკუთრებულად მომილოცეს.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში „ჟილინას“ მიერ ჩატარებული 15 მატჩიდან ალექსანდრე ნარიმანიძემ 10 შეუცვლელად ჩაატარა, 5 შემთხვევაში კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა.