„ბაიერნმა მისი პოტენციალის შეზღუდვა შეძლო“ - ფრანგული პრესა კვარაზე
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ხვიჩა კვარაცხელას „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა (1:2).
მატჩის შემდეგ ფრანგული პრესა ქართველი ფეხბურთელის თამაშს ასე გამოეხმაურა:
Footmercato: ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა. პირველ ტაიმში ხვიჩა ინტერტული იყო და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. დემბელეს ტრავმის შემდეგ ქართველმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და უფრო შესამჩნევი გახდა. მეორე ტაიმში ხვიჩა მარცხენა ფლანგიდან ხიფათს ქმნიდა და არაერთი გარღვევა და ჩაწოდება ჰქონდა (61-ე, 65-ე, 71-ე, 87-ე წუთები). მას ცოტა სიზუსტე და იღბალი დააკლდა.
Eurosport.fr: ხვიჩას აკლდა ისეთი ენერგია, რომლითაც ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს უქმნიდა პრობლემებს. კვარაცხელია არ ნებდებოდა, მაგრამ ვერც მატჩის ბედზე მოახდინა გავლენა. მისი დარტყმები ზედმეტად პროგნოზირებადი იყო.
L’Equipe: ჯერ მარცხენა ფლანგიდან დაიწყო, შემდეგ ბარკოლას გაუცვალა ფლანგი, უსმან დემბელეს ტრავმის შემდეგ ცენტრში გადავიდა, ბოლოს კი ისევ მარცხენა ფლანგზე დაბრუნდა, მაგრამ თავი მაინც ვერ გამოიჩინა. პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 65-ე წუთზე ჰქონდა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ „ნაპოლის“ ექსფეხბურთელი თავისი იდეალური ფორმისგან შორსაა.
90min.com: პირველ ტაიმში ჯონათან თას მხრიდან უხეშობის შემდეგ პსჟ-ს შეშფოთების საფუძველი ჰქონდა, თუმცა ხვიჩა მოედანზე დაბრუნდა. პირველ ტაიმში შეუმჩნეველი იყო, რამდენჯერმე კარგი გარღვევა ჰქონდა, მაგრამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო, მეორე ტაიმში კი „ბაიერნი“ ღრმა დაცვაში გადავიდა.
Maxifoot: მარცხენა ფლანგზე საშუალო დონის მატჩი ჰქონდა. მცველის პირისპირ კარგად მოქმედებდა, მაგრამ „ბაიერნი“ გუნდურად მოქმედებდა და ხვიჩას პოტენციალის შეზღუდვა შეძლო. შრომისუნარიანობის მხრივ ხვიჩას კარგი მატჩი ჰქონდა, მაგრამ ის იშვიათად ჩნდებოდა მეტოქის საჯარიმოში.
Le Parisien: „ბაიერნის“ აგრესიული მცველების წინააღმდეგ მოთამაშე ქართველი მატჩის ბოლომდე იბრძოდა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც მარცხენა ფლანგიდან და ვერც ცენტრიდან შეძლო. 65-ე წუთზე დაარტყა კარში, რაც ნოიერისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს პსჟ 9 ნოემბერს სტუმრად, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართავს.