მეკარის ხელთათმანში დამალული სამართებელი - რობერტო როხასის ამბავი
Aa
Aa

მეკარის ხელთათმანში დამალული სამართებელი - რობერტო როხასის ამბავი

ფეხბურთის ისტორიას „თაღლითობის“ არაერთი ეპიზოდი ახსოვს: მარადონას „ღმერთის ხელი“ ინგლისთან, „კალჩოპოლის“ სკანდალი იტალიაში, ტიერი ანრის ხელით თამაში ირლანდიასთან და სხვა - ერთ-ერთი ასეთია „ელ მარაკანასოს“ სახელით ისტორიაში შესული მატჩი, რომლის მთავარი ანტიგმირი ჩილელი მეკარე რობერტო როხასი გახდა.

1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ლეგენდარულ „მარაკანაზე“ ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩად ითვლება. 

ბრძოლა მუნდიალის საგზურისთვის

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლა სამხრეთ ამერიკაში ძალიან დაძაბული გამოდგა. არგენტინა, როგორც მოქმედი ჩემპიონი, ტურნირზე ავტომატურად მოხვდა, დანარჩენი ქვეყნები კი 2 პირდაპირი და 1 დამატებითი საგზურისთვის იბრძოდნენ. 3-გუნდიან ჯგუფში ბრაზილია, ჩილე და ვენესუელა მოხვდნენ. ბოლო, მეექვსე ტურის წინ ჩილესა და ბრაზილიას 5-5 ქულა ჰქონდათ, მაგრამ „სელესაო“ ბურთების უკეთესი სხვაობის ხარჯზე ლიდერობდა. ჩილეს წინაშე რთული ამოცანა იდგა: მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მხოლოდ გამარჯვება იყო საჭირო.

„მარაკანას“ ტრიბუნებზე 140 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა - ბრაზილიას არც ერთი მსოფლიო ჩემპიონატი არ გამოუტოვებია და საკუთარ მოედანზე შეცდომის დაშვების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა.

მატჩი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა - ბრაზილიელი და ჩილელი შემტევები ბრწყინავდნენ, მაგრამ ორივე გუნდი დაცვაში უშეცდომოდ მუშაობდა. 49-ე წუთზე ანგარიში კარეკამ გახსნა - მან ორი მცველი ჩამოიშორა და რობერტო როხასის კარი აიღო, ჩილე კი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.

გადამწყვეტი 67-ე წუთზე მომხდარი ინციდენტი აღმოჩნდა. ბრაზილიელმა ქომაგებმა რობერტო როხასის მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს. ჩილელი მეკარე მინდორზე დაეცა და ხელები თავზე მოიკიდა.

როხასთან ჩილეს ნაკრების ექიმმა, დანიელ როდრიგესმა მიირბინა, ჩილელი ფეხბურთელები მსაჯთან მიცვივდნენ და მატჩის შეწყვეტას მოითხოვდნენ, მიზეზად კი უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვას ასახელებდნენ. ჩილეს ნაკრების კაპიტანმა, ფერნანდო ასტენგომ განაცხადა, რომ გუნდი მოედანზე არ დაბრუნდებოდა, როხასი კი გასახდელში გადაიყვანეს. არგენტინელი მსაჯები ცდილობდნენ, ჩილელი ფეხბურთელები მოედანზე დაებრუნებინათ, მაგრამ ამაოდ: მატჩი აღარ განახლებულა.

გამოძიება: სიმართლე სააშკარაოზე გამოდის

მომდევნო დღეებში მედიაში გავრცელდა ფოტოები და ვიდეოები, რომლებმაც მთელი საფეხბურთო სამყარო შეძრა. კადრებში ნათლად ჩანდა, რომ ტრიბუნიდან ნასროლი პიროტექნიკა რობერტო როხასისგან ერთი მეტრის მოშორებით ეცემა და ჩილელ მეკარეს საერთოდ არ ხვდება. როხასის სხეულზე არ იყო არც დამწვრობის და არც დენთის კვალი, თუმცა სახის არეში ჰქონდა საეჭვო ჭრილობები, რომელთა წარმომავლობამაც მსაჯებსა და ორგანიზატორებში კითხვები გააჩინა.

ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ როხასმა აღიარა, რომ ხელთათმანში სამართებელი დამალა და მიზანმიმართულად დაისერა სახე. როხასს თანამზრახველებიც ჰყავდა - ჩილეს მთავარი მწვრთნელი ორლანდო არავენა და ექიმი დანიელ როდრიგესი. მათ ამბიციური გეგმა ჰქონდათ: ბრაზილიელი გულშემატკივრების აგრესიაში დადანაშაულება, „მარაკანას“ საფრთხისშემცველ სტადიონად გამოცხადება და ბრაზილიის ნაკრების დისკვალიფიკაცია. თუ მათი გეგმა იმუშავებდა, ორგანიზატორები მატჩს ნეიტრალურ მოედანზე გადაიტანდნენ ან ბრაზილიას ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიდნენ, რაც მუნდიალზე ჩილეს ნაკრებს გაიყვანდა.

სასჯელი

ინციდენტიდან 10 დღის შემდეგ ფიფამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რობერტო როხასს ფიფას ეგიდით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალა. ჩილეს ნაკრები არც 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში დაუშვეს. ჩილელთა მთავარი მწვრთნელი არავენა და ექიმი როდრიგესი ფეხბურთიდან ასევე სამუდამოდ, კაპიტანი ასტენგო კი 5 წლით მოკვეთეს.

ჩილელთა რეაქცია

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩილეში ფიფას გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ. ადგილობრივი მედია და გულშემატკივრები გამოძიების შედეგებს არ ენდობოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ფიფას პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი (წარმოშობით ბრაზილიელი) თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა. სანტიაგოში ბრაზილიის საელჩოსთან საპროტესტო აქციები გაიმართა. ჩილეს მოსახლეობის ნაწილი რობერტო როხასს გარემოებათა მსხვერპლს უწოდებდა და ამბობდა, რომ მას ასეთი საქციელისკენ მწვრთნელმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ უბიძგა; მეორე ნაწილი კი როხასს ჩილელი ფეხბურთელების რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა.

თვითონ როხასი დიდი ხნის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა. მან საჯაროდ ბოდიში მხოლოდ 2001 წელს მოიხადა, რის შემდეგაც ფიფამ მისი დისკვალიფიკაცია გააუქმა.

„ჩემს ადგილზე რომ ბრაზილიელი, არგენტინელი ან ურუგვაელი ფეხბურთელი ყოფილიყო, მას ასე მკაცრად არ დასჯიდნენ. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი კარიერა დაანგრია. შეილახა ჩემი ღირსება, ჩემს ოჯახს რთული პერიოდი დაუდგა, კოლეგებმა კი ზურგი მაქციეს. ჩილელი რომ არ ვყოფილიყავი, თავის მართლების უფლებას მომცემდნენ“.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამბას რიტმზე მოთამაშე ფეხბურთელი - გარინჩას მსგავსება მარადონასთან
სამბას რიტმზე მოთამაშე ფეხბურთელი - გარინჩას მსგავსება მარადონასთან