„FBI-ის აგენტებს უკვე ორჯერ შევხვდი“ - დენა უაითი შესაძლო გარიგებულ ბრძოლაზე
UFC-ის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა, დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ FBI იძიებს შესაძლო გარიგებული ხასიათის ბრძოლას აიზეკ დულგარიანსა და იადიერ დელ ვალეს შორის, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ლას-ვეგასში, UFC Fight Night 263-ზე გაიმართა.
უაითის თქმით, მან შეტყობინება საეჭვო აქტივობის შესახებ ფსონებში ჯერ კიდევ მანამ მიიღო, სანამ მებრძოლები ოქტაგონში შევიდოდნენ, ხოლო შედეგმა ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.
„იმ დღეს, დაახლოებით პირველ საათზე, კომპანია IC 360 დაგვიკავშირდა. ეს ფსონების მონიტორინგის საუკეთესო კომპანიაა. მათ გვაცნობეს, რომ ამ ბრძოლაზე უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა. ჩვენ არაფერი ვიცოდით, ამიტომ დავურეკეთ მებრძოლს და მის ადვოკატს. ვკითხეთ: „რა ხდება? არის რაიმე ტრავმა? ვალები? ვინმემ შემოგთავაზათ რაიმე?“ ბიჭმა თქვა: „არა, კარგად ვარ. ვაპირებ მოგებას“. ჩვენ ვთქვით: „კარგი“. ბრძოლა ჩატარდა და პირველ რაუნდში, მახრჩობელა უკანა შებოჭვით დასრულდა. პირველი, რაც ამის შემდეგ გავაკეთეთ, FBI-ისთან ზარი იყო. დღეს უკვე ორჯერ შევხვდი აგენტებს“,
– განაცხადა უაითმა TMZ-თან ინტერვიუში.
ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ FBI-ის ეჭვის ქვეშ ასზე მეტი ბრძოლის შედეგებია, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა, რის შესახებაც წინა დღეს რეპორტიორმა ჰარი მაკმა განაცხადა.
„ზოგი ამბობს: „ასობით ბრძოლას იძიებენ“. ეს სრული სისულელეა, ჩვეულებრივი კლიკბეითია. ჩვენი კომპანია IC 360-ის ყველა ფსონს აკვირდება. ისინი საუკეთესოები არიან ამ საქმეში. არანაირი ასობით გამოძიება არ მიმდინარეობს. ეს ყველაფერი სათაურებისთვის მოგონილი სისულელეა“,
– განმარტა ლიგის პრეზიდენტმა.
უაითის თქმით, ამ დროისთვის დულგარიანის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მაგრამ სიტუაცია საეჭვოდ გამოიყურება.
„არ ვამბობ, რომ ეს ბიჭი დამნაშავეა. მტკიცებულებები ჯერ არ არის, მაგრამ ეს არ გამოიყურება საუკეთესოდ“, – თქვა UFC-ის ხელმძღვანელმა.
უაითმა ხაზი გაუსვა, რომ UFC FBI-სთან ერთად გამოძიებას აგრძელეს.
„თუ ვინმე შეეცდება მსგავსი რამის ჩადენას – ამაზე ღიად ვსაუბრობდი: ჩვენ თქვენი ნომერ პირველი მტრები გავხდებით. ჩვენ მაშინვე მივმართავთ FBI-ს და ნებისმიერ საჭირო სტრუქტურას, რათა ციხეში აღმოჩნდეთ“,
– შეაჯამა უაითმა.
ორშაბათს ლიგამ კონტრაქტი გაწყვიტა დულგარიანთან, ხოლო სამშაბათს კოლორადოს „Factory X“ დარბაზის მთავარმა მწვრთნელმა, სადაც მებრძოლი ვარჯიშობდა, დაადასტურა, რომ მასთან ყველა ურთიერთობა გაწყვიტა. მანამდე აიზეკ დულგარიანი ვარჯიშობდა კლუბ „Glory MMA & Fitness“-ში, UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ჯეიმს კრაუზის ხელმძღვანელობით, რომელიც MMA-ში ფსონებთან დაკავშირებულ უმსხვილეს სკანდალში იყო გახვეული. 2022 წელს ლიგამ თავის მებრძოლებს კრაუზთან თანამშრომლობა აუკრძალა. დენა უაითის თქმით, დულგარიანის ახალი საქმე კრაუზთან დაკავშირებულ გამოძიებასთან გაერთიანდება.