„ილიამ ისლამი აირჩია, თუმცა აღმოჩნდა, რომ...“ - რას ამბობს არიელ ჰელვანი
არიელ ჰელვანიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიამ თეთრ სახლში ისლამ მახაჩევთან ბრძოლაზე განაცხადა თანხმობა.
ამის შესახებ MMA-ის ცნობილმა ინსაიდერმა თავის YouTube-არხზე ილაპარაკა.
„გასული კვირას, UFC თოფურიას თეთრ სახლში ჩასატარებელ ბრძოლასთან დაკავშირებით დაუკავშირდა. მას ისლამ მახაჩევი და ჯასტინ გეიჯი შესთავაზეს, სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ჩემი წყაროების თანახმად, ილიამ ისლამი აირჩია. თუმცა აღმოჩნდა, რომ მახაჩევს ბრძოლა არ შეეძლო. ამრიგად, მხოლოდ ჯასტინის ვარიანტი დარჩა. თოფურია მზად იყო ყველაზე რთული გამოცდისთვის“, - განაცხადა ჰელვანიმ.
მანამდე დენა უაითმა თქვა, რომ ისლამ მახაჩევი ტრავმირებულია, თუმცა მას ამ ტურნირის მონაწილედ ისედაც არ განიხილავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლა 14 ივნისს, UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლად არის ჩანიშნული. ქართველი მებრძოლი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება.
გეტყვით ასევე, რომ თოფურიამ ბოლოს 2025 წლის ივნისში იჩხუბა და ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, ამერიკელმა ბოლო ბრძოლაში პედი პიმბლეტი დაამარცხა.