„ერთადერთი, რაშიც კარგია, კრივია“ | ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანი PBD Podcast-ის სტუმარი იყო და ილია თოფურიაზე ისაუბრა. სომეხმა მებრძოლმა განაცხადა, რომ „ელ მატადორი“ მისთვის ხელსაყრელი მეტოქეა და დარწმუნებულია, რომ მას მარტივად დაამარცხებს.
„ილია მოჭიდავე იყო, შემდეგ კი ჩათვალა, რომ ჭიდაობა ენერგიის ტყუილად კარგვა გახლდათ და კრივზე გადაერთო. კრივი გააუმჯობესა და სწორედ კრივს იყენებს, რადგან ძალიან რთულია, 25 წუთის განმავლობაში იჭიდავო და კრივიც სცადო. თუ რა თქმა უნდა, ხაბიბ ნურმაგომედოვი ან ხამზატ ჩიმაევი არ ხარ.
ერთადერთი, რაც თოფურიას კარგი აქვს, კრივია. ფეხით დარტყმებს არ იყენებს, არ ჭიდაობს. ჩემთვის მარტივი მეტოქეა, რადგან ფეხით კარგად ვურტყამ და შემიძლია, დისტანციაზე დავრჩე. თუ კრივით დისტანციის შემცირებას შეეცდება, ჭიდაობას გამოვიყენებ ან ქლინჩში შევალ. ეს თოფურიამ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იციან და ცდილობენ, თავი ამარიდონ.
ილია ჩემთან არ იჩხუბებს. მის გუნდშიც კი იციან, რომ რთული მოწინააღმდეგე ვარ და ჩემთან გაუჭირდებათ. ურჩევნიათ, კარიერის დასკვნით ეტაპზე მყოფ მებრძოლებს შეხვდნენ, რომლებსაც ცუდი ნიკაპი აქვთ და მარტივად ეცემიან. კამერების წინ ყოველთვის ამბობს, რომ არმანთან ჩხუბისთვის მზადაა, მაგრამ როცა ბრძოლის დრო მოდის, მიზეზებს ეძებს.“
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა დენ ჰუკერის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში დააფინიშა. არმანი მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის პირველი ნომერია და Pound-for-pound რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს.