„ვიდეორეფერი ყავის დასალევად რომ არ გასულიყო, მოვიგებდით“ | კეირუშის კომენტარი
მსოფლიო ჩემპიონატის L ჯგუფის მეორე ტურში ინგლისის ნაკრებმა განა ვერ დაამარცხა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. „შავი ვარსკვლავების“ მთავარი მწვრთნელი, კარლოს კეირუში მსაჯების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვიდეორეფერი და მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე VAR მუშაობს? VAR საერთოდ გვაქვს? მუშაობს? ამასთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები მაქვს, რადგან განას კიდევ ერთი აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს. პიკფორდის ეპიზოდში მსაჯს მისთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, ეს ეჭვგარეშეა.
ინგლისს ძალიან გაუმართლა. მათ არ წააგეს, რადგან ვიდეორეფერი შვებულებაში იყო გასული. VAR ყავის დასალევად რომ არ გასულიყო, პენალტი დაინიშნებოდა და გავიმარჯვებდით. ინგლისს ძალიან გაუმართლა. ყავა მეც მიყვარს, მაგრამ პენალტი აშკარა იყო და არბიტრს მათთვის წითელი ბარათიც უნდა მიეცა.“
ინგლისისა და განის ნაკრებების მატჩში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო. „სამი ლომის“ სუპერვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა ჯორდან აივუსთან საუბრისას პირზე ხელი აიფარა, რაც ახალი წესებით წითელი ბარათით ისჯება. ბელინგემი არ გაუძევებიათ, მაშინ როდესაც მსგავსი ქმედებისთვის თურქეთთან მატჩში მიგელ ალმირონს წითელი ბარათი უჩვენეს.
