„ზედმეტად გაპიარებული მებრძოლია?“ - შარა ბულეტმა ილიაზე ილაპარაკა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შარაბუტდინ მაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ მიიჩნევს თუ არა „შარა ბულეტი“ ილია თოფურიას „ზედმეტად გაპიარებულ მებრძოლად“, როგორც მან ეს ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, დაღესტნელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ამ სიტყვებს თავისი საფუძველი ჰქონდა.
„არასოდეს ვამბობ რამეს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ ვინმეს გავახსენო და ვთქვა, „აი, ხომ გეუბნებოდით“. ეს უბრალოდ ფაქტებია. თოფურია კარგი მებრძოლია, ალბათ, კარგი ადამიანიც არის. თუმცა, თუ გადავხედავთ მის კარიერას, როგორ მოხვდა ის UFC-ში, 4-5 საერთოდ უცნობ სახელს ამოიკითხავთ.
ყველას განსხვავებული გზა აქვს: ზოგი პირდაპირ რეიტინგის მაღალ პოზიციებზე მყოფ მებრძოლებთან ჩხუბობს, ზოგი კი მოსახერხებელი, მარტივი გზით მიდის. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, გაქვს თუ არა ნოკაუტები.
ილიამ რამდენიმე მეტოქე დაანოკაუტა და UFC-იმ მისი გაპიარება დაიწყო. შერეულ ორთაბრძოლებში ეს ბევრ რამეს წყვეტს. თუ სანახაობრივად ჩხუბობ, კიბის ნაცვლად შეიძლება ლიფტით ახვიდე ზემოთ.
შეუძლია თუ არა ილიას, ისევ გახდეს ჩემპიონი? რატომაც არა, ის ახალგაზრდაა, თუმცა მან უკვე შეიცვალა დივიზიონი და გეიჯი მასთან შედარებით უფრო დიდი ჩანდა. გარდა ამისა, მსუბუქ წონაში ნოკაუტის ძალა, რომელიც ილიას აქვს, ისეთ დიდ უპირატესობას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს ქვემსუბუქ წონაში იყო. ასე რომ, ილიამ თამასა ასწია, გეიჯი კი მარტივი მეტოქე არ გამოდგა“.
ცნობისთვის, „შარა ბულეტი“ რამდენიმე დღეში UFC-ში თავის მეშვიდე ჩხუბს გამართავს. ბაქოში დაგეგმილი ღონისძიების თანამთავარ მოვლენაში მაგომედოვის მეტოქე ბრაზილიელი მიშელ პერეირა იქნება.