პატიმრობას ვეღარ გადაურჩება - NBA-ს ჩემპიონი დააკავეს
NBA-ს ჩემპიონსა და „ბოსტონის“ ერთ-ერთ ლეგენდას კანონთან ისევ სერიოზული პრობლემები აქვს - ტონი ალენი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით ტენესის შტატში დააპატიმრეს. თავად კალათბურთელი შედარებით მსუბუქი ნარკოტიკის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო კოკაინი აღმოჩნდა იმ მანქანაში, რომლითაც ის გადაადგილდებოდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ალენს სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა და სკანდალში გაეხვა - 2023 წელს, „სელტიქსის“ ყოფილი მოთამაშე ფედერალური ჯანმრთელობის დაზღვევის თაღლითობაში საქმეში დამნაშავედ სცნეს და სამწლიანი პირობით სასჯელი შეუფარდეს. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ მისი დაკავება პირობითი მსჯავრის პერიოდში მოხდა, ვარაუდობენ, რომ ამჯერად პატიმრობას ვეღარ გადაურჩება.
ცნობისათვის, ტონი ალენმა ყველაზე დიდ წარმატებას „ბოსტონში“ ასპარეზობისას მიაღწია, როდესაც 2008 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 6 654 ქულა, 2 884 მოხსნა და 1 158 ჩაჭრაა.