ჩატენვა და პლუს ერთი | ბითაძის ორლანდომ მილუოკი სტუმრად გაანადგურა
„ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. გოგა ბითაძის გუნდი სტუმრად „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და ბრწყინვალე თამაში აჩვენა. „მეჯიქმა“ ყველა მეოთხედში იმარჯვა და „ბაქსი“ 130:91 გაანადგურა.
ბითაძე თამაშში მაშინ ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. გოგამ პარკეტზე 8 წუთი და 29 წამი გაატარა და 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი გააფუჭა და 4-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
ბითაძეს ორი მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა, ეფექტური ჩატენვა მიითვალა და მის პასივში ერთი დაკარგვა იყო. „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 33 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა. ჯეილენ საგსმა 20 ქულა გააკეთა, ხოლო დესმონდ ბეინმა — 18.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 35 მოგება და 28 წაგება აქვს. „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 12 მარტს გამართავს. ფლორიდელები „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდებიან.