მატჩის MVP გახდა - რიდი კლუბშიც შედეგიანია
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შედეგიანი მატჩების შემდეგ, ბუნებრივია, მარკის რიდი კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ მოექცა და ამიერიდან არამხოლოდ მის სანაკრებო, არამედ საკლუბო მატჩებსაც დააკვირდებიან. აქედან გამომდინარე, ალბათ ყველასთვის სასიხარულო იყო ნატურალიზებული ამერიკელის წარმატებული ასპარეზობა თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, როდესაც ის “ტრაბზონსპორი” - “ქარშიაკას” (89:79) მატჩის MVP გახდა და მასპინლებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
პარკეტზე გატარებულ 33 წუთში რიდმა 24 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან ექვსიდან ოთხი სამქულიანი, შვიდიდან ხუთი ორქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. ოთხივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 15 მოგებითა და 6 წაგებით “ტრაბზონსპორი” თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები “მანისას” უმასპინძლებენ და შეხვედრა 14 მარტს, თბილისის დროით, 16:30 წუთზე დაიწყება.