მე-200 მატჩი ლიგა ენდესაში - შენგელიას ბრწყინვალე თამაში
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 21-ე ტური თორნიკე შენგელიას არასოდეს დაავიწყდება. საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანმა ლიგა ენდესაში კარიერაში საიუბილეო, მე-200 მატჩი ჩაატარა და მრგვალი თარიღი ბრწყინვალე შედეგით აღნიშნა.
„ბარსელონას“ ქართველმა ლიდერმა სტუმრად „ბრეოგანთან“ (78:109) მოგებულ შეხვედრაში 22 წუთში 21 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. საამაყოა ის ფაქტი, რომ შენგელიამ როგორც საჯარიმოები (ერთიდან ერთი), ასევე ორქულიანები (ათიდან ათი) ასპროცენტიანი შედეგით ისროლა, პერიმეტრიდან ჩაგდების ერთადერთი მცდელობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. ექვსიდან სამი მოხსნა თორნიკემ თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 15 მოგებითა და 6 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები 13 მარტს, ევროლიგაში საკუთარ დარბაზში თელ-ავივის „ჰაპოელთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.