როტაციისას შანსი მიიღო და გამოიყენა | აზაროვი ტურის სიმბოლურში მოხვდა
უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში დონეცკის შახტარმა სტუმრად კუდრივკა დაამარცხა (1:3). ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც შახტარის მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა, ირაკლი აზაროვი სასტარტო თერთმეტეულში ათამაშა. 24 წლის ქართველ მარცხენა მცველს თურქი სპეციალისტი ნაკლებად ენდობა, თუმცა კუდრივკასთან შანსი მისცა, რომელიც ირაკლიმ კარგად გამოიყენა: საგოლე პასი შეასრულა და Football.ua-ს ვერსიით უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Football.ua წერს: „ირაკლი აზაროვი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მან შანსი კონფერენს ლიგის ნახევარფინალის წინ, როტაციის ფონზე მიიღო; მის აქტივში საგოლე პასია''.
უკრაინის ჩემპიონატში სულ 25 ტური გაიმართა. ირაკლი 16 მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, შვიდში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო 90 წუთი მხოლოდ სამ შეხვედრაში ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველს არც კონფერენს ლიგაზე ენდობიან: 10-დან 6 მატჩში ის სკამზე დატოვეს, ოთხჯერ კი სასტარტოში მოხვდა, თუმცა ეს სეზონის პირველ ნახევარში მოხდა. სეზონის მეორე ნახევარში მას კონფერენს ლიგაზე არ უთამაშია.
შახტარი, რომელმაც მერვედფინალში ლეხ პოზნანი, ხოლო მეოთხედფინალში ალკმაარი გამოთიშა, კონფერენს ლიგის ნახევარფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდება. ირაკლი აზაროვის მთავარი კონკურენტი 23 წლის ბრაზილიელი პედრო ენრიკეა, რომელსაც არდა თურანი რეგულარულად ათამაშებს. დიდი ალბათობით, კრისტალ პალასთან მატჩებშიც სათამაშო დროს სწორედ ბრაზილიელი მიიღებს.