ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა შენგელიაზე ისაუბრა | როგორია თოკოს მდგომარეობა
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოან პენაროიამ თორნიკე შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ქართველმა კალათბურთელმა „მურსიასთან“ მატჩში კოჭი დაიზიანა და პარკეტის დატოვება მოუწია.
„ხვალამდე არ გვეცოდინება, შენგელიას იმედი გვექნება თუ არა. თორნიკემ გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ სრული ვარჯიში არ ჩაუტარებია და ასე თუ ისე, თავს კარგად გრძნობს. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ და გავიგებთ, ითამაშებს თუ არა.“
ცნობისთვის, 7 ნოემბერს „ბარსელონა“ ევროლიგაზე ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო შენგელიას მონაწილეობა ამ მატჩში საეჭვოა. შეხვედრა თბილისის დროით, 23:30-ზე დაიწყება და ვნახოთ, ქართველი კალათბურთელი პარკეტზე თუ გავა.
აქვე გეტყვით, რომ 9 ნოემბერს „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში „ჟირონას“ წინააღმდეგ კატალონიური დერბი ელოდება, ხოლო 12 და 14 ნოემბერს ევროლიგაზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს დაგეგმილი - „ბაიერნის“ და „ვირტუს ბოლონიას“ წინააღმდეგ.